„სადაც ახლა შაფრანი მომყავს, 100 ტონამდე ვაშლს ვიღებდი და ასეთი მომგებიანი არ იყო“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მერაბ ინასარიძემ განაცხადა, რომელსაც საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელში, მსოფლიოში ყველაზე ძვირი სანელებელი 7 წელია მოჰყავს.
,, შაფრანი, უკვე მეშვიდე წლია რაც მომყავს. მთელი ცხოვრება მიწათმოქმედებით ვცხოვრობ და ვირჩენ თავს. სიმინდი, ხორბალი, ვაშლი და სხვადასხვა კულტურები მომყავდა, მაგრამ დიდი შემოსავალი არ რჩებოდა. გერმანიაში მეგობარი მყავს, ასევე იქ ცხოვრობს ჩემი შვილიც, მათ მომაწოდეს იდეა, რომ გამეშენებინა შაფრანი და მათვე გამომიგზავნეს თესლიც.
ახლა ეს ბაღი 1 500 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, სადაც წელს 750 გრამზე მეტი მოსავალი არ მოსულა 40 000-მდე ბოლქვიდან. წლის ბოლომდე ნათესებს 5 000 კვადრატულ მეტრამდე გავზრდი, რის შედეგადაც 3 კილოგრამზე მეტ მოსავალს ველოდები. 1 ჰექტარზე მაქსიმალური ალბათ, 10 კილოგრამია, ისიც სადაც მოვლა და მოყვანა კარგად იციან და პრაქტიკა აქვთ“, - განაცხადა ინასარიძემ.
მისი თქმით, ბოლო დროს, საქართველოში ყვავილის მიმართ დაინტერესება მზარდია და ბევრი ადამიანი ურეკავს, რჩევების მისაღებად, როგორ მოიყვანონ შაფრანი საქართველოში.
,,ამ ეტაპზე, საქართველოში დაინტერესება ნაკლებია, რასაც სავარაუდოდ, სანალებლის მაღალი ფასი განაპირობებს. გრამს ქვეყნის შიგნით 20 ლარად ვყიდი, თუ დიდი ოდენობით პროდუქციას შეიძენს ვინმე 15 ლარადაც, მაგრამ ძირითადად მაინც ვგზავნი და ჩემი მეგობარი ახდენს რეალიზაციას გერმანიასა და შვეიცარიაში.
ბოლო დროს, საქართველოშიც ვხედავ დანტერესაბას. ვინც იგებს, ყველა კუთხიდან მირეკავენ და მეკითხებიან როგორ უნდა მოუარონ და რა არის შაფრანი. მოვლა რთული არანაირად არ არის, არ არის პრეტენზიული მცენარე, მთავარია ტენიანი ნიადაგი არ იყოს. არც პესტიციდები და ანტაციდებია საჭირო. ბიო პროდუქტია, რომელშიც არავითარ სასუქს არ ვიყენებ.
პირველ წელს, სინჯები საფრანგეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გავგზავნეთ, სადაც უმაღლესი შეფასება მიიღო და სწორედ ამ სერთიფიკატით ხდება დღეს ევროპაში მისი რეალიზაცია. პროდუქტის ერთადერთი ხარჯი, მისი მოკრეფის და მოგროვების დროს მუშახელში გადახდილი თანხაა, სხვა არაფერი. სადაც ახლა შაფრანი მომყავს, 100 ტონამდე ვაშლს ვიღებდი და ასეთი მომგებიანი არ იყო“ - აცხადებს მერაბ ინასარიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, შაფრანი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები ინგრედიენტია მსოფლიოში. მას "წითელი ოქროსაც" უწოდებენ.
წითელ ოქროდ წოდებული არომატული სუნელი ძირითადად ირანში მოჰყავთ. მსოფლიო ბაზრებზე ერთი კილოგრამის „შაფრანის“ ფასი დაახლოებით 3 500 აშშ დოლარიდან იწყება და 10 000 დოლარს აღწევს. შაფრანი ყველაზე იაფი ირანშივეა 1-1.2 ევრომდე; ინდოეთში 2.6-ევროდან 4-ევრომდე; კანადაში 6-დან 8.5-ევრომდე; აშშ-ში 7-დან 9.3-ევრომდე; ესპანეთში, გერმანიასა და იტალიაში 7-9 ევრო; არაბთა გაერთიანებული საამიროებში 2.9-4.4 ევრო; ჩინეთში 3-5.5 ევრო, ხოლო მეზობელ თურქეთში შაფრანის ფასი 2.75-დან იწყება და 4.3 ევროს აღწევს.