წინასწარ დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიური ბრენდის Kiko Milano მაღაზიები მაისში უნდა გახსნილიყო. თუმცა, როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა ბრენდის ორი მაღაზია ივნისის პირველ კვირაში, მესამე კი ერთ თვეში გაიხსნება.
„Kiko Milano გაიხსნება ივნისის პირველ კვირაში. „თბილისი მოლსა“ და „ისთ ფოინთში“ ერთდროულად ორი მაღაზია, ხოლო „სითი მოლში“ ერთი თვის შემდეგ დაიწყებს ფუნქციონირებას.
გარდა ამისა, ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს ახალ ბრენდებთანაც, რომელთა შემოყვანა გვინდა. თუმცა, ამ ეტაპზე დასახელებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.
ცნობისთვის, აქამდე Kiko Milano-ს პროდუქცია საქართველოში, რამდენიმე გაყიდვის წერტილზე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა შეზღუდული ასორტიმენტით.
Kiko Milano 1997 წელს, ბერგამოს პროვინციაში შეიქმნა. კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო პერკასია, ხოლო, ვიცე პრეზიდენტი მისი შვილი სტეფანო პერკასი. Kiko Milano მაღაზიების ქსელებით ამ დროისთვის 42 ქვეყანაშია წარმოდგენილი.