„ლელო" პარლამენტში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფს ქმნის

პარტია „ლელო საქართველოსთვის" პარლამენტში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის სამუშაო ჯგუფს ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარტია აპირებს შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. პროცესი ღიაა დარგის ექსპერტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

„საქართველოს გააჩნია რეალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი", - ამბობს იდეის ავტორი მამუკა ხაზარაძე.

მისივე შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული გამართულ კაპიტალის ბაზართან, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან სუსტია.

„შედეგად შეზღუდულია ფინანსებზე წვდომა და არ ვითარდება ბიზნესი. საქართველოს საფონდო ბირჟა კი, რომელიც კაპიტალის ბაზრის ხერხემალია, ვერ ვითარდება და გავლენას ვერ ახდენს ეკონომიკის ზრდაზე. ის ფაქტი, რომ ბირჟაზე ბოლო 2 თვეში არცერთი გარიგება არ განხორციელებულა, მის მდგომარეობას ნათლად ასახავს.

საქართველოს გააჩნია რეალური შანსი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი ძლიერი საფონდო ბირჟით, რაც ქვეყანაში გააჩენს გრძელვადიან საინვესტიციო ფულს და ახალ სამუშაო ადგილებს“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.