ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძლიერი რეგიონები და ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთი ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დიდ ქალაქებში. შესაბამისად, მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩვენი სოფლები განვითარდეს, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გურიაში, სოფელ ზედა ბახვში გურიის რეგიონში განხორციელებული ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის შეფასებით, სწორედ ამიტომ, მთავრობამ, მსოფლიო ბანკის ჩართულობითა და მხარდაჭერით, პროექტ "Log in Georgia-ს"ფარგლებში წამოიწყო 2021 – 2025 წლების პერიოდში განსახორციელებელი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც მოიცავს 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მთელ საქართველოში, მათ შორის იმ სოფლებს, რომლებიც დაცილებულია ურბანული ცენტრებიდან და ჯერ არ აქვთ მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა.
„ეს არის ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლე, ვინც მიიღებს წვდომას ოპტიკურ-ბოჭკოვან ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო - პირველ რიგში, ეს არის ციფრული თანასწორობის დამკვიდრება ქალაქსა და სოფელს შორის, რომ ერთნაირი ხარისხის მომსახურება, მაღალი ხარისხის ინტერნეტი იყოს ყველგან.
„ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების განათლებისთვის და სიმბოლურია, რომ სწორედ ზემო ბახვის საშუალო სკოლიდან დავიწყეთ ჩვენ ეს პროექტი. ბავშვები, რომლებიც აქ გვესწრებიან, იქნებიან პირველი მომხმარებლები, ვინც მიიღებს სიკეთეს, სარგებელს ამ მაღალი ხარისხის ინტერნეტიდან, შეძლებს ეზიაროს გლობალურ განათლებას“, - განაცხადა მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდა, რაც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით.