ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა შეკვეთილში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „რეზოლუტს“ ეწვია და დაინტერესდა, რამდენად მომზადებული ხვდება ტურისტულ სეზონს.
„მცირე სასტუმრო „რეზოლუტი“, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, გაიხსნა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით. პანდემიის პერიოდში, ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ-სასტუმრო და ახლა ემზადება, ნორმალურ რეჟიმში ტურისტებს უსაფრთხოდ მოემსახუროს. სასტუმროს უკვე აქვს ჯავშნები როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენი სასტუმრო ინდუსტრია ემზადება, სრულფასოვნად უმასპინძლოს ტურისტებს. ჩვენ მათ გვერდში ვართ, რომ მალე მოხდეს სასტუმრო პერსონალის ვაქცინაცია და ამისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურული საკითხი დროულად გადაწყდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კვლავაც მხარში უდგას სასტუმროებს, განსაკუთრებით, მცირე და საოჯახოებს, რათა ისინი მომზადებული დახვდნენ და წლევანდელი ტურისტული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარონ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
სასტუმრო „რეზოლუტში“ 33 ნომერია. სასტუმრო 2020 წლის ნოემბერი - დეკემბერში ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ სასტუმრო.