,,სულ მაინტერესებდა ქართული დესერტები, რადგან ძალიან მწირი ჩამონათვალი, სულ რამდენიმე რეცეპტი გვაქვს და ვფიქრობდი, რომ გამორიცხულია სულ ეს ყოფილიყო“, - ამის შესახებ ახალი ქართული სტარტაპის იდეის ავტორი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს.
ლია ბაიდოშვილის თქმით, ქართული ნუგბარი საკუთარი ბებიის და ქართველი კულინარის ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების შერწყმაა.
,,იდეა პანდემიის დროს, რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. ჩემი მეგობარი ამზადებდა შოკოლადის საბავშვო ხაზს, თუმცა არ ჰქონდა კონკრეტული მიმართულება. ორივე ჩავერთეთ კონცეფციის და ნიშის ძიებაში, მივმართეთ არქივს და შევაჯერეთ ბევრი ინფორმაცია. გამოვიდა ისე, რომ ეს საბოლოოდ არის ბებიაჩემის რეცეპტების და ბარბარე ჯორჯაძის ჩანაწერების ნაერთი. ჩვენს ხაზსაც ბებიას სახელი „ბაბალე“ ჰქვია. ის ამზადებდა ტკბილეულს ქუმელისგან და რეალურად ამ ქართულ პროდუქტებზე ავაგეთ მთლიანად ჩვენი პროდუქცია.
სულ მაინტერესებდა ქართული დესერტები, რადგან ძალიან მწირი ჩამონათვალი, სულ რამდენიმე რეცეპტი გვაქვს და ვფიქრობდი, რომ გამორიცხულია სულ ეს ყოფილიყო. საბოლოოდ ფეტვის, შვრიის და სხა პროდუქტების დამუშავებით, მივიღეთ რამდენიმე ახალი ქართული ტკბილეული, რომელიც მთლიანად ორგანულია და დანამატების გარეშე მზადდება. ესენია: ალვახაზი ნუშის გოზინაყი ალუბლის ჩირით. გამომცხვარი კომში ქუმელითა და ფალუსტაკით, წენგო - კაკალი, ფეტვის და შვრიის ორცხობილა ჩირის ღრუბელით.
გვინდოდა ყოფილიყო ჯანსაღი ნუგბარი ქართულ მოტივებზე, რომელიც გაერთიანდებოდა თანამედროვე შოკოლადის ფორმაში, თუმცა გვინდა, რომ რაც შეიძლება ავთენტური იყოს და ამიტომ ნედლეული ჩამოგვაქვს რეგიონებიდან. მაგალითად, ქუმელი თუშეთიდან, კახეთიდან მზეზე გამომშრალი ხილი და ა.შ. საქართველოს კუთხეებიდან ვცდილობთ ჩამოვიტანოთ საუკეთესო მასალა და ასე შევქმნათ საუკეთესო პროდუქტი“- ყვება ბაიდოშვილი.
მისივე თქმით, მოთხოვნის ტენდენციებს განსაკუთრებით აკვირდებიან, რადგან პროდუქტი მალფუჭებადია და შენახვის ვადა, 30 დღეს არ აღემატება.
,,მოთხოვნა ჩვენი დაკვირვებით მაინც სეზონურია. ჩვენი სტარტაპის პრეზენტაცია გასული წლის 24 დეკემბერს მოხდა და საახალწლოდ განსაკუთრებით ბევრი შეკვეთა გვქონდა. მოთხოვნა-მიწოდების სწორი მენეჯმენტისთვის ვცდილობთ დეტალურად შევისწავლოთ ბაზრის ტენდენცია, მით უფრო, რომ ჩვენი პროდუქცია მალფუჭებადია. შენახვის ვადა 30 დღეზე მეტი არ არის.
ინტერესი ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებელი სპეციფიკურია. შეკვეთები არის მაგრამ გაზაფხულზე შკალა ცოტა დაღმავალია. ჯერ, მხოლოდ ონლაინ მიტანის სერვისი გვაქვს.
ვინც გასინჯა, ყველა ამბობს, რომ აღძრავს ემოციას, რაც არის კარგი საკვების მთავარი დანიშნულება“, - განაცხადა ლია ბაიდოშვილმა ,,ბიზნესპრესნიუთან“.
ინფორმაციისთვის, ერთი ყუთი შოკოლადის ღირებულება 25 ლარია, რომელშიც 9 ბომბონი შედის.