საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა! არასდროს საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინი ასეთი ძვირი არ ყოფილა.
ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე, "სუპერის" ტიპის ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება 3-ლარიან ნიშნულს გადასცდა. 3 ლარს უახლოვდება უფრო დაბალი კატეგორიის ბენზინის ღირებულებაც. საწვავის ბიზნესში ჩართული პირები გაძვირების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის არის საერთაშორისო ფასების ზრდა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და აქციზის მაღალი გადასახადი. უახლოესი პროგნოზი საქართველოსთვის არასაიმედოა - თუ არ შეიცვალა გარემოებები, რაც საწვავის ფასზე მოქმედებს, შესაძლოა ის კიდევ გაიზარდოს.
"თუ სახელმწიფო გადახედავს გადასახადებს, ესეც შეამცირებს ბენზინის საცალო ფასს"
ვანო მთვრალაშვილი, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე: "ვითარება რთული და არაორდინარულია. "სუპერის" ტიპის საწვავის ფასმა 3-ლარიანი ნიშნული გადალახა. მართალია, მისი მოხმარება მთლიანად საწვავის მოხმარების სტრუქტურაში 1-დან 2%-მდეა, მაგრამ ამ ფასს უახლოვდება "პრემიუმის" ტიპის საწვავის ფასიც და სავსებით შესაძლებელია მანაც მოიმატოს 3 ლარამდე, ამ კატეგორიის საწვავის მოხმარების წილი კი 25%-მდეა. ყველაზე მაღალია "რეგულარის" ტიპის საწვავის მოხმარება. მის ფასსაც ბევრი არ აკლია ამ ნიშნულამდე, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე 3 ლარამდე აღარ გაიზრდება.
პირველი ფაქტორი, რომელიც საწვავის ფასის ცვლილებას განაპირობებს, პლატსის (Platts) მიხედვით საწვავის საერთაშორისო ფასია. მაისში 1 ტონა ბენზინის საშუალო ფასი 655 დოლარია. ის მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წინა თვესთან ან თვეებთან შედარებით. ლარი-დოლარის გაცვლითი კურსიც ძალიან მნიშვნელოვანია საწვავის საცალო ფასის დადგენაში და საწვავის ისტორიულად მაღალ ფასსაც სწორედ ეს განაპირობებს. მაგალითად, საწვავზე ასეთი საერთაშორისო ფასი მანამდეც ყოფილა, მეტიც ღირდა, იყო დრო, 1 ტონა ბენზინზე პლატსის ფასი 1000 დოლარსაც აღწევდა, მაგრამ მაშინ ლარი არ იყო დოლარის მიმართ ასე გაუფასურებული.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასზე მოქმედებს, სახელმწიფო გადასახადებია. რამდენიმე წლის წინ საქართველოში აქციზის გადასახადი ბენზინზე გაორმაგდა, ხოლო დიზელის საწვავისთვის უფრო მეტადაც, 1 ტონაზე 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა.
ბენზინი დღეს რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან და თურქმენეთიდან შემოდის. ყველაზე კარგ ფასად თურქმენეთიდან შემოდის და ეს ქვეყანა მეორეა საწვავის იმპორტის მოცულობით რუსეთის შემდეგ. თბილისამდე მოტანილი თურქმენეთის საწვავის თვითღირებულება 1 ლიტრზე 2,42-2,45 ლარია. ამას ემატება სხვადასხვა დანახარჯი, მათ შორის საბითუმო მოგება, საცალო მოგება და ა.შ. უფრო ძვირია რუსული ბენზინი და კიდევ უფრო ძვირი - ევროპული. მოსალოდელია, რომ ფასები კიდევ გაიზრდება.
დღეს საქართველოში მოხმარებული ბენზინის 99% იმპორტირებულია, შესაბამისად, დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ფასების ცვლილებაზე, მაგრამ თუ ლარი დოლართან გამყარებას დაიწყებს, გაჩნდება რესურსი, რომ ამან საერთაშორისო ფასების ზრდით გამოწვეული გაძვირება შეაკავოს. გარდა ამისა, თუ სახელმწიფო გადახედავს გადასახადებს, ესეც გარკვეულწილად შეამცირებს ბენზინის საცალო ფასს, მაგრამ სახელმწიფო გარანტირებულ, სტაბილურ შემოსავალს დაკარგავს.
საწვავზე ხელმისაწვდომი ფასების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია კონკურენციის ხარისხი. კომპანიას ვერავინ მიუთითებს, პროდუქციის ფასწარმოქმნის პროცესში გარკვეული გარემოებები გაითვალისწინოს და თვითღირებულებაზე ნაკლებად გაყიდოს პროდუქტი. ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გააკეთებს.
დღეს საწვავის ბაზარი თავისუფალია, საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში ვითარდება და სწორედ ამიტომ არ არის ფასები უფრო მაღალი. ნავთობპროდუქტების იმპორტი ბევრ რთულ და მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს: უშუალო წვდომა უნდა გქონდეს მწარმოებელთან. მასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პროდუქციის იმპორტისთვის დიდი ფინანსური რესურსი გჭირდება. საქართველოში საწვავის იმპორტის უდიდესი წილი ხუთ კომპანიაზე მოდის და მათგან ოთხი მსოფლიოში უდიდესი ნავთობგადამმუშავებელი კომპლექსია. ესენი არიან "სოკარი", "ლუკოილი", "გალფი" და "რომპეტროლი". შესაბამისად, მათ ნავთობპროდუქტებთან გაცილებით მეტად მიუწვდებათ ხელი, ვიდრე სხვა კომპანიებს. ლაპარაკი არ არის იმპორტის მხრივ ვინმეს შეზღუდვაზე, მათ ბუნებრივი უპირატესობა აქვთ სხვებთან შედარებით. თვითონ არიან მწარმოებლები, იმპორტიორები და შემდეგ უკვე რეალიზატორები. ეს არ ნიშნავს, რომ ხუთი მსხვილი იმპორტიორიდან გამომდინარე, ფასწარმოქმნის პროცესი ბაზარზე არასწორად ვითარდება".
"საწვავის ფასი სრულად არის დამოკიდებული ნავთობის გლობალურ ფასზე"
პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი: "საწვავის გაძვირების მიზეზი რამდენიმეა. გვაქვს როგორც ადგილობრივი მიზეზებით განპირობებული წნეხი, ისე გლობალური და ეგზოგენური ფაქტორები. დავიწყოთ საგარეო ფაქტორებიდან, რადგან ჩვენთან საწვავის ფასი სრულად არის დამოკიდებული ნავთობის გლობალურ ფასზე.
თუ ნედლი ნავთობის ფასს ერთწლიან ჭრილში შევხედავთ, ფასი თითქმის 2,5-ჯერ არის გაზრდილი. თუ შარშან მაისში 1 ბარელი WTI-ის ტიპის ნავთობი 30 დოლარის ფარგლებში იყიდებოდა, დღეს ფასი 64 დოლარს აღემატება. მიზეზი მარტივია - მსოფლიოში ნავთობის ფასსაც მოთხოვნა-მიწოდება განაპირობებს. შარშანდელთან შედარებით ნავთობზე მოთხოვნა ძალზე გაზრდილია, რაც ეკონომიკების გახსნასა და შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება. დიახ, ჩვენგან განსხვავებით, მსოფლიოს ეკონომიკები უკვე ამუშავდნენ და აქტიურადაც, ამან გაზარდა მოთხოვნა ნავთობზე და ეს ფასზეც აისახა.
ამბობენ, ნავთობი მეტადაც გაძვირებულა მსოფლიოში, თუმცა ჩვენთან ფასი ასეთ ნიშნულზე არასოდეს ყოფილაო. ლეგიტიმური აზრია, თუმცა ამასაც აქვს ობიექტური ახსნა - ვითარებას ეროვნული ვალუტის დევალვაცია ამძიმებს. ნავთობის გაძვირებას ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურებაც ერთვის, რაც მომაკვდინებელ წნეხს ქმნის - სწორედ ამ ორი ფაქტორის ერთობლიობით ყალიბდება საწვავის ფასი.
თუ შარშან მაისში 1 დოლარის ფასი 2,95 ლარის ფარგლებში მერყეობდა, გაცვლითი კურსი 3,4 ლარს აჭარბებს. სახეზე გვაქვს ვალუტის 40-45-თეთრიანი დევალვაცია. ისტორიაში ერთ წელიწადში ვერც ასე სწრაფად ლარის გაუფასურებას გაიხსენებთ და ვერც იმას, რომ 1 დოლარის ღირებულება 3-ლარიან ნიშნულზე მაღლა ყოფილიყოს.
ამ მიზეზით 1 ლიტრი ბენზინის ფასი ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და სამწუხაროდ, ფასების საერთო დონეშიც ფორმირდება. ეს მძიმე ტვირთად იქცა ჩვენი მოსახლეობისთვის.
ისმის კითხვა: ვინ არის პასუხისმგებელი? ან თუ არის შესაძლებელი პროცესის როგორმე შერბილება? ასე სწორხაზოვნად თუ მიუდგებით საკითხს, პირდაპირი პასუხისმგებლობა არავისზე არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ფაქტორებს, რატომ მოიმატა ასე საწვავის ფასმა და რა შედეგებს იწვევს ეს ყველაფერი, პასუხისმგებელ პირთა სია ვრცელი გამოვა. როგორც აღვნიშნეთ, საწვავის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის დევალვაციაა, ლარის ემიტენტი კი გახლავთ ეროვნული ბანკი და ლარის ნებისმიერ რყევაზე სწორედ ეროვნულ ბანკს ეკისრება პასუხისმგებლობა. მით უფრო, რომ სერიოზულ რისკებს უქმნის ფასების საერთო დონეს, რადგან საწვავის კომპონენტი ყველა პროდუქტსა და მომსახურებაში დევს.
ამ დროს ეროვნული ბანკი ჯიუტად აცხადებს, რომ ლარზე პასუხისმგებელი არ არის. ეს მაშინ, როცა საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი სწორედ ლარის კურსია. საწვავის გაძვირება ინფლაციურ პროცესებს ახალისებს. ინფლაცია მიზნობრივს 2,4-ჯერ აღემატება. შესაბამისად, სებ-ი შესაძლებელია იხსნიდეს პასუხისმგებლობას, მაგრამ ნახსენებ პროცესებზე, რომლებიც ყოველდღე აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას, პასუხისმგებლობა ნამდვილად ეკისრება.ახლა იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. სხვათა შორის, დაახლოებით ერთი თვის წინ ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის ზრდით სამართლიანად აღშფოთებულ მოსახლეობას დაჰპირდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საწვავის ფასის ზრდა შევაჩეროთო. ამის შემდეგ საწვავი საცალო ქსელში საშუალოდ კიდევ ხუთგზის გაძვირდა. ამით იმის თქმა მსურს, რომ გლობალურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის არცთუ ბევრი ბერკეტი გვაქვს.რეალურად კი ვითარება ასეთია: ჩვენ გვაქვს მოკლევადიან პერსპექტივაზე ზემოქმედების ტექნიკური ინსტრუმენტი აქციზის განაკვეთის შემცირების სახით. თუ მას 2016 წლის მაჩვენებელზე დავაბრუნებთ, ეს 1 ლიტრში საშუალოდ 0,2-ლარიან შეღავათს მოგვცემს. მაგრამ ამას ერთმნიშვნელოვნად ექნება მოკლევადიანი ეფექტი და ნავთობის გაძვირების შემთხვევაში საცალო ფასები კვლავ გაიზრდება. ამასთან, ეს მნიშვნელოვნად გაგვიზრდის ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც ისედაც ისტორიულ მაქსიმუმზეა.
მეორე - საშუალოვადიან პერსპექტივაზე მოქმედი ინსტრუმენტია ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია. ეკონომიკების გახსნა შემთხვევით არ მიხსენებია. დიახ, ისინი გაიხსნა და მათ გაეზარდათ საერთო მოთხოვნა. ჩვენთან ეკონომიკა ისევ ხელოვნურადაა გაჩერებული, რაც დიდად ამცირებს საერთო მოთხოვნას ქვეყანაში, რაც ჩვენს ეროვნულ ვალუტას ასუსტებს. რომ შევაჯამოთ, ცხადია, ყველაზე ბუნებრივი და ეფექტიანი გზა საწვავისა და არა მარტო საწვავის ფასების ზრდის შესაჩერებლად ლარის სტაბილურობაა, რაც არცთუ რთულია, თუ ეკონომიკის მართვას ექიმებს ჩამოვაშორებთ და მას ეკონომისტები მართავენ. რასაკვირველია, ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს სწორმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ფისკალური პოლიტიკის უფრო მაღალმა დისციპლინამ. დღეს კითხვის ნიშნები ორივე მიმართულებით არსებობს".
კონკურენცია გაძვირებაში
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის შედეგად 2021 წლის 1-ლი კვარტალის შუალედური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.
წყარო: „კვირის პალიტრა"