რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ხე-ტყის ექსპორტის შეზღუდვას განიხილავს.
ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ. მიზეზი სახერხ მასალაზე ფასების ზრდაა. სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ ამ მასალას „შიდა ბაზრისთვის არსებითად აუცილებელი საქონლის“ ჩამონათვალში შეიტანენ.
რამდენიმე თვის წინ შემუშავებული დადგენილების პროექტის თანახმად, ფედერაციის მთავრობამ „შიდა ბაზრისთვის არსებითად აუცილებელი პროდუქციის“ სია უნდა შეადგინოს, რომლებზეც განსაკუთრებულ შემთხვევებში ექსპორტის შეზღუდვა ან აკრძალვა დაწესდება. მასში ბენზინის გარკვეული სახეობები უკვე შეიტანეს. როგორც ჩანს, ფასების ზრდის გამო ამ სიის შემდეგი პროდუქტი რუსული ხე-ტყის მასალა გახდება. სამინისტროში, ასევე, არ გამორიცხავენ, რომ 22%-ზე მეტი ტენიანობის სახერხ მასალაზე საექსპორტო საბაჟო გადასახადი დააწესონ. ამჟამად მოსაკრებლები ხის ტენიანობაზე დამოკიდებული არ არის და ხის მრავალი სახეობისთვის ნულოვანია.
ხის სახლების მშენებლობის ასოციაციის მონაცემებით, გასული წლის აპრილიდან მიმდინარე წლის აპრილამდე, დაფების ღირებულება, რომელსაც ხის სახლების მშენებლობაში ფართოდ იყენებენ, 2-ჯერ გაიზარდა. თუკი ერთი წლის წინათ 1 კუბური მეტრი დაფა, საშუალოდ, 11 000-დან 13 000 რუბლამდე (150-170 დოლარი) ღირდა, დღეს მისი ღირებულება 22 000-დან 26 000 რუბლია (295-350 დოლარი). ასოციაცია ექსპორტის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის და წიწვოვანი ჯიშების სახერხ მასალაზე ფასების ზრდის შეკავებისთვის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსგან ზომების მიღებას მოითხოვს. მან შესაბამისი წერილით მინისტრ დენის მანტუროვს უკვე მიმართა.
ფასების ზრდა სახერხი მასალის დეფიციტმა გამოიწვია, რაც რუსეთის საზღვრებს გარეთ ბოლო 8 თვის განმავლობაში შეინიშნება. სამინისტროს მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ხე-ტყის ფასი რუსულ ფასებს, პროდუქციის სახეობის მიხედვით, 7-დან 30%-მდე აღემატება. უწყებაში მიიჩნევენ, რომ 2020 კრიზისული წლის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციის ფონზე ხე-ტყეზე მოთხოვნა გაზრდილია, რამაც მისი ფასების ზრდაც განაპირობა. გარდა ამისა, რუსეთში ხის სახლების მშენებლობაზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა. ფედერაციის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ხის სახლების ექსპლუატაციის ფართობი 520 000 კვადრატული მეტრით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
„მიზეზი ისაა, რომ ხის მასალით სახლი სწრაფად შენდება, რაც პანდემიის პირობებში ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია,“ - აცხადებს კომპანია Изба де люкс-ის მფლობელი იულია იურლოვა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ