მიკრობლოგების პლატფორმა Twitter-ს ახალი ფუნქციების გამოსაყენებლად ფასიანი სერვისი ექნება. ფასიან ხელმოწერას „Twitter Blue“ ეწოდა და ის მომხმარებელს თვეში 2,99 დოლარი დაუჯდება. ამის შესახებ აპლიკაციის მკვლევარმა ჯეინ მანჩუნ ვონგმა Twitter-ის საკუთარ ბლოგზე დაწერა.
ფასიანი ანგარიში მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ისეთი ახალი ფუნქციები გამოიყენოს, როგორიცაა შეტყობინების გაგზავნის გაუქმების ღილაკი, შეტყობინებების გაერთიანება და სხვა.
ამასთან, იგეგმება Twitter-ის ფასიანი სერვისის Scroll-ის ფუნქციონალისთვის მიბმაც, რომელიც Twitter-მა ცოტა ხნის წინათ შეიძინა. Scroll ფასიანი სერვისია, რომელიც რეკლამის გარეშე პარტნიორი საიტების დათვალიერების საშუალებას იძლევა.
Twitter-ის მიერ ფასიან სერვისის ამუშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა. თუმცა მაშინ კომპანია ვადებსა და პირობებს არ აკონკრეტებდა. ამ ახალი ფუნქციონალის ამუშავების შედეგად, კომპანია 2023 წლისთვის შემოსავლის გაორმაგებას და 7,5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს. კომპანიას მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მომხმარებელთა რაოდენობის, საშუალოდ, 20%-ით გაზრდაც სურს.