,,ვალის გარდა დარჩენილი 350 მლნ ლარიდან, 130 მლნ ლარი (რაც დიდი ალბათობით, წელს დაიხარჯება) გამოიყოფა ერთხელ უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში არსებული ფინანსური სახსრებიდან”, - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ,,ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი, მოქმედი პრემიერის მიერ წარდგენილ ქვეყნის განახლების გეგმას განიხილავს.
,,ბიზნესპრესნიუსი“ ბექა ლილუაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,კიდევ ერთი პოსტი 500 მლნ. ლარად განახლებული 63 მუნიციპალიტეტის სერიიდან:
ამჯერად, აღნიშნული პროგრამის დაფინანსების წყაროებს უცვლელად გთავაზობთ 2021 წლის 26 აპრილის საქართველოს მთავრობის დადგენილება №185-დან სახელწოდებით: სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ"
1. "[პროგრამის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრება 500 მლნ ლარის ფარგლებში, მათ შორის, დონორის/საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ(ებ)ის დაფინანსების ფარგლებში, 150 მლნ ლარი, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში – 350 მლნ ლარი."
ეს ნიშნავს, რომ: დაპირებული 500 მლნ. ლარიდან, 150 მლნ. ლარი იქნება ვალი, რომელსაც სახელმწიფო აიღებს.
2. "სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს პროგრამის ნაწილობრივი დაფინანსება [2021 წლის] ბიუჯეტის ფარგლებში დამტკიცებული ასიგნებებიდან არაუმეტეს 130 მლნ. ლარის ფარგლებში"
ეს ნიშნავს, რომ: ვალის გარდა დარჩენილი 350 მლნ. ლარიდან, 130 მლნ ლარი (რაც დიდი ალბათობით წელს დაიხარჯება) გამოიყოფა ერთხელ უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში არსებული ფინანსური სახსრებიდან. ანუ მოხდება 130 მლნ. ხარჯის რებრენდინგი. თანხები, რომელიც ბიუჯეტის კანონის მიხედვით უნდა დახარჯულიყო პირობითად გზების ასაშენებლად, ეხლა გაიღებება ფასადები და დაფინანსდება სხვა, წინა "საარჩევნოდ მნიშვნელოვანი" პროექტები.
3. "დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს წინადადებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე ნაშთის სახით რიცხული რესურსიდან 90 მლნ. ლარის მობილიზების თაობაზე"
ეს ნიშნავს, რომ: ვალისა და უკვე დამტკიცებული (გამოყოფილი) ფულის ახლებურად "გამოყენების" გარდა დარჩენილი 220 მლნ. ლარიდან, 90 მლნ. დაფინანსდება სხვადასხვა სახელმწიფო სსიპ-ების ნაშთებიდან, რომელთა დიდი ნაწილი პანდემიის გამო, ისედაც შემოსავლების ნაკლებობას განიცდიდა. ეს სავარაუდოდ გამოიწვევს ამ სსიპ-ებისთვის სხვადასხვა საოპერაციო პრობლემების შექმნას.
4. "დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დამტკიცებული პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებითი რესურსის მოძიების მიზნით, მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ"
ეს ნიშნავს, რომ: ვალის, უკვე გამოყოფილი თანხების ვითომ ახლიდან გამოყოფის და სსიპ-ების დანაზოგების გარდა დარჩენილი 130 მლნ. ლარის დაფინანსების წყაროებზე რაიმე წარმოდგენაც კი არ არსებობს დღეის მდგომარეობით, თუმცა ამავე დოკუმენტში იკითხება შემდეგი:
5. "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, 2022 წლისა და შემდეგი წლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების მომზადების დროს, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადების საფუძველზე, გაითვალისწინონ პროგრამის ფარგლებში შესაბამის წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები."
ეს ნიშნავს, რომ: "განახლების პროგრამა" გაგრძელდება მომდევნო არაერთი წელი, რამეთუ რეალურად არც ამ მოცულობის ვალის და არც სსიპ-ების დანაზოგების წლის ბოლომდე მობილიზების რესურსი არ არსებობს და ეს "განახლების" პროგრამა დარჩება წლის დასაწყისში დასახარჯად ისედაც გამზადებული 130 მლნ. ლარის და სსიპ-ებიდან 30-40 მლნ. დანაზოგების ამარა...
აბა, დეზინფორმაციის წყარო? დეზინფორმაციის წყარო: “- წერს ,,ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი.