არგენტინის ხელისუფლება საქონლის ხორცის ექსპორტის 30 დღით გაყინვას გეგმავს, რისი მიზეზიც შიდა ბაზარზე ფასების ზრდაა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი La Nacion წერს.
გაზეთის ცნობით, არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესმა მთავრობის გადაწყვეტილება ხორცის ექსპორტიორთა გაერთიანებას გააცნო. ხელისუფლებას სურს, რომ ამ ზომით შიდა ბაზრის დარეგულირებას ხელი შეუწყოს, თუმცა არ დაუზუსტებია, თუ როდიდან ამოქმედდება ექსპორტის აკრძალვა.
მანამდე არეგნტინის ხელისუფლება მწარმოებლებსა და სუპერმარკეტების ქსელებს ხორცის გარკვეულ სახეობებზე ფასების შემცირების შესახებ მოელაპარაკა.
წლებია, არგენტინა ეკონომიკის აღდგენის ტემპს ვერ ზრდის და იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებშიც ინფლაციის დონე მეტად მაღალია. ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 17,6%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო 2020 წელს ინფლაციის დონემ 36% შეადგინა.