დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ისტორიულ ზონებში მდებარე სახლის რეაბილიტაციას ითხოვს, დაკმაყოფილდება.
მისივე თქმით, თბილისის ისტორიული არეალები არის ის განძი, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო და რომელსაც სჭირდება მოვლა-პატრონობა და აღდგენა, რათა ის ასევე გადავცეთ შემდეგ თაობებს.
„რაც შეეხება ისტორიულ არეალებს, ეს არის ის განძი, რომელიც ჩვენ გვერგო მემკვიდრეობით. თითოეულ ძეგლს სჭირდება გაფრთხილება. ამის საუკეთესო მაგალითი არის ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია დღესაც მიმდინარეობს და ძალიან მალე იქნება დასრულებული. თუმცა ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ეს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, იმდენი პრობლემაა ამ მიმართულებით და იმდენი რამ არის გასაკეთებელი, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ყველა ის ადამიანი, ყველა ის ოჯახი, რომელიც დღეს ითხოვს საკუთარი სახლის რეაბილიტაციას ისტორიულ ზონებში, რა თქმა უნდა, ყველა იქნება მოწესრიგებული, ყველა იქნება გალამაზებული, იმიტომ, რომ ეს არის ის ღირსშესანიშნავი შენობა-ნაგებობები, ღირსშესანიშნავი ქუჩები ძველი თბილისის სახით, რომლებსაც სჭირდება მოვლა-პატრონობა, რომელსაც სჭირდება შენარჩუნება და ასე უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს,“ - განაცხადა კალაძემ.