ძველი გენერალური გეგმისგან განსხვავებით, ახალი გენერალური გეგმით, 4 მილიონი კვადრატული მეტრით მეტ ტერიტორიას მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი,- ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფართობით ნაკლები ტერიტორია განაშენიანდება ქალაქში და ამ ფართობით მეტი მწვანე სივრცე ექნება ქალაქს.
„საპარკო არეალები, სრულიად ახალი არეალები, რომელიც გენერალური გემით არის განსაზღვრული, ეს არის საქალაქო პარკი „მტკვრის ჭალებში“ - 135 ჰექტარი, „დირსი ჭალის“ პარკი - 11 ჰექტარი, „ვაზისუბნის პარკი“ - 25 ჰექტარი, „დიღმის ჭალების“ პარკი - 15 ჰექტარი და „ზღვის უბნის“ პარკი - 24 ჰექტარი. ცხადია, ამ პროექტების განხორციელებას საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები სჭირდება. შესაბამისად, ეს მუნიციპალიტეტმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს. ჩვენ ამ პროექტების ნაწილი დაწყებული გვაქვს. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ეს არის 1400 ჰექტარი ტერიტორია. ეს არის მწვანე სივრცე, რომელიც დაჰყურებს თბილისს, რომელიც დავიცავით მომავალში განაშენიანებისგან. ძველი გენერალური გეგმისგან განსხვავებით ახალი გენერალური გემით, 140 მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიას დაედო სატყეო ზონა. ეს არის ტყით დაფარული ტერიტორიები, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი რეგულირების ფუნქციურ ზონას, სადაც დაუშვებელია ყოველგვარი ტიპის მშენებლობა“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.