2021 წლის I კვარტალში საქართველოში 136 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (62.5 პროცენტი) რეგიონშია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე, განთავსებულია ქ. თბილისში (9.6 პროცენტი), ქვემო ქართლის (7.4 პროცენტი), აჭარის (7.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (5.1 პროცენტი), იმერეთის (2.9 პროცენტი), კახეთის (2.2 პროცენტი), გურიის (1.5 პროცენტი) და მცხეთა-მთიანეთის (1.5 პროცენტი) რეგიონში.
ამასთან, 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში მომსახურება 243 მომხმარებელს გაეწია.
„მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 307 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1086 კაცით განისაზღვრა.
2021 წლის I კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 55.9 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 52.2 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.2 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 12.5 პროცენტი ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9.9 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა. სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 6.2 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 4.9 მლნ. ლარი შეადგინა.
2021 წლის I კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 49.3 მლნ ლარის ღირებულების (11.6 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 35.9 პროცენტი, ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების პროდუქციამ - 41.9 პროცენტი. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 63.9 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (47.8 პროცენტი), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (25.0 პროცენტი) და თევზეული (17.6 პროცენტი) წარმოადგენდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული რეალიზებული იქნა.
2021 წლის I კვარტალში საქართველოში 46 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (41.3 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. მათივე ცნობით, ელევატორების 23.9 პროცენტი ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში, 15.2 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 8.7 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 4.3 პროცენტი - ქ. თბილისში, 4.3 პროცენტი იმერეთის და 2.2 პროცენტი გურიის რეგიონებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 94 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 912 კაცით განისაზღვრა.
„2021 წლის I კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 121.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 79.9 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2021 წლის I კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 108.1 მლნ. ლარის ღირებულების 103.5 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 47.7 პროცენტი ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების იყო. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 78.7 პროცენტი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციის თანახმად, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 38.3 პროცენტს, თებერვალში - 37.5 პროცენტს, ხოლო მარტში 35.9 პროცენტს.
უწყების ცნობით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 61.0 პროცენტს, თებერვალში - 56.0 პროცენტს, ხოლო მარტში - 47.7 პროცენტს.