„1-ლი ივნისიდან ველოდებით, რომ სრულად მოიხსნას კომენდანტის საათი“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი შემცირდა და ნაცვლად 21:00 საათისა, 23:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს.
„ეს ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ამ ეტაპზე, ის რომ 23 საათამდეა, ეს კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, მთლიანად რატომ არ იხსნება. თუმცა, კარგია, რომ დავაკვირდებით სიტუაციას და 1-ლი ივნისიდან ველოდებით, რომ სრულად მოიხსნას კომენდანტის საათი. მატება და კოვიდ-ვითარების გაუარესება რომ არ მოხდება, ალბათ, საბოლოოდ, ეს იქნება ამის განმსაზღვრელი.
მართალია, კომენდანტის საათს გააუქმებენ თუ არა, ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ ეპიდ-სიტუაცია როგორც განვითარდა და რა რეალობაც გვაქვს, ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქვემოთ უნდა წამოვიდეს ეს რიცხვები და არა პირიქით.
თუმცა, აქ როგორი სიტუაციაა იცით? ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლი, გამყრელიძე და ა.შ, ეს ხალხი, თითქოს, ებრძვის საზოგადოებას, ებრძვის მათ ინტერესებს და გამოსავალს, რაღაც დაწესებული შეზღუდვების შემდეგ გაიოლებით ხსნის იმით, რომ ჩვენ სწორი ვიყავით და არასწორს არ გავაკეთებთ. რაღაც კომპლექსის სიტუაციაში არიან. თითქოს, გაიოლება მათი პრობლემაა, არადა პირიქით უნდა იყოს. ამას წინ, გამყრელძემ თქვა, ჩემი ნება რომ იყოს, 4-დან 6 კვირამდე დავკეტავდი ქვეყანასო, მაგრამ ეკონომიკა არ გვაძლევს ამის საშუალებასო. დღეს, 23 საათამდე გადაიწია კომენდანტმა და შაბათ- კვირას მუშაობის უფლება მოგვეცა. ძალიან არალოგიკური მესიჯებია. თუ 4-დან 6 კვირამდე დაკეტავ, მაშინ რატომ აკეთებ ამას ხომ? ანუ არასწორი მიდგომებია“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.