შეზღუდვები, რომლებიც დარჩა, ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან, ამასთანავე, განმარტა, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის 2 საათით შემსუბუქებაც კი ქვეყანამ უსაფრთხოდ უნდა გაიაროს, რომ მომავალ შემსუბუქებაზე იყოს საუბარი.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ხელისუფლების მიზანია ზაფხული ვირუსის გავრცელების ახალი შემთხვევების მინიმალური რაოდენობით დაიწყოს, რაც უნდა გახდეს შეზღუდვების მოხსნის საფუძველი.
„ეტაპობრივი შემსუბუქება იმას ნიშნავს, რომ ის 2 -საათიანი შემსუბუქება, რომელიც გუშინ დავიწყეთ, უნდა გავიაროთ გარკვეულად უსაფრთხოდ. საკმაოდ საყურადღებო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში ვართ და კიდევ დამატებითი შეზღუდვების შემსუბუქება სარისკოა, ბუნებრივია.
ჩვენი მიზანია, რომ ზაფხულამდე მივიდეთ მინიმალური ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით ანუ მივიდეთ შემთხვევების მინიმალური რაოდენობით, რაც შემდეგ უკვე იქნება წინაპირობა იმისა, რომ მოიხსნას დარჩენილი შეზღუდვები და გამოვიყენოთ ტურისტული სეზონი, მაგრამ მომდევნო ორი კვირა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაროთ სიფრთხილით,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.