საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და პროგრამაში მონაწილე სხვა უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლო-საავტომობილოს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგო ნაწილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აიქოსისათვის (IQOS) განკუთვნილი ჰითსის (HEETS) ფირმის უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
აღნიშნულ საქნეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.