ქსელური სასურსათო მარკეტები საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან, რომელთა წილიც მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 4%-ს შეადგენს.
აღნიშნული ბიზნეს სექტორი პანდემიის პირობებშიც განაგრძობდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დღეის მონაცემებით, 12 ქსელური სასურსათო მარკეტი - „სპარი“, „ნიკორა“, აგროჰაბი“, „ორი ნაბიჯი“, „უნივერსამი“, „დეილი“, „სმარტი“ , „მაგნიტი“, „ზღაპარი“, „გუდვილი“, „კარფური", „გალფ სთორი“ და „ვეიმარტი“ ჯამში საქართველოს მასშტაბით ჩვენს 30 000-მდე თანამოქალაქეს ასაქმებს.
მათი გაძლიერება და გაფართოება ხელს უწყობს არამხოლოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, არამედ უძრავი ქონების სექტორის განვითარებასაც. სასურსათო ქსელური მარკეტების ბიზნესზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადგილობრივი წარმოების, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა წარმატება და მოგების ზრდა. რითეილის სექტორის რეგიონებში ოპერირება აღნიშნული მოთამაშეების სარგებლიანობაზე დადებითად აისახება.
TBC Capital-ის მიერ 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული FMCG სექტორის (კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქცია) მიმოხილვის თანახმად, ორგანიზებულ ბაზარზე საშუალო ზომის მოთამაშეების გაყიდვების წილი გაიზარდა და 36% გახდა, რაც ახალი მაღაზიების გახსნით არის განპირობებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული ბაზარი პანდემიის პირობებში ზრდას განაგრძობს.
ქსელური სასურსათო მარკეტების მიერ რეგიონების აქტიურად ათვისება და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ახალი ვაკანსიების შეთავაზება მნიშვნელოვანია პანდემიის დროს, როცა ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოსახლეობის ნაწილმა სამუშაო ადგილები დაკარგა. ამასთან, არაორგანიზებულ ბაზართან შედარებით, ქსელურ მარკეტებში მკაცრად იცავენ კოვიდ პანდემიის გამო დაწესებულ უსაფრთხოების ნორმებს, შესაბამისად, როგორც დასაქმებულები, ისე მათი მომხმარებლები ინფექციის გავრცელების ნაკლები რისკის ქვეშ არიან. COVID-19-ის გავრცელების შეჩერება და მისი დამარცხება კი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დროს სასურსათო ქსელური სუპერმარკეტები არსებული რეალობის მიმართ მოკლე დროში ადაპტირდნენ და ელექტრონული კომერცია ყოველდღიურ საოპერაციო პროცესად აქციეს.
როგორი იყო FMCG სექტორის შემოსავალი პანდემიის პირობებში?
სანამ 2021 წლის კვლევა დაიდება, თვალი გადავავლოთ TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის 9 თვის მონაცემებს და ვნახავთ, რომ პანდემიის პირობებშიც კი FMCG სექტორის შემოსავალი 2019 წელთან შედარებით მცირედით (1%-ით), მაგრამ მაინც გაიზარდა. კერძოდ, 2020 წელს სექტორის შემოსავალმა 9.23 მილიარდი ლარი შეადგინა, 2019 წელს კი - 9.17 მილიარდი ლარი.
რაც შეეხება 2021-2022 წლის პროგნოზებს, TBC Capital-ის მიმოხილვის მიხედვით FMCG ბაზრის შემოსავლები 2021 წელს 7%-ით გაიზრდება და 9.89 მილიარდ ლარს მიაღწევს.
პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, სექტორი აქტიურად განაგრძობს ზრდას და მასთან დაკავშირებული პროგნოზებიც პოზიტიურია. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სტაბილურობის განცდა და მუდმივი შემოსავლის ქონა პრობლემას წარმოადგენს, ძლიერი დამსაქმებლის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქსელური სასურსათო მარკეტების განვითარების უპირატესობები მხოლოდ დასაქმების, უძრავი ქონების სექტორისა და დისტრიბუციის ხელშეწყობით არ შემოიფარგლება. ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად, 12-მა ქსელური სასურსათო მარკეტის გაერთიანებამ - რითეილ ასოციაცია USAID საქართველოსთან ერთად, ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა. მხარეებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ქართული ნაწარმის ქსელურ სუპერმარკეტებში ბარიერების გარეშე მოხვედრას შეუწყობს ხელს. რითეილ ასოციაციის განმარტებით მალე, წარმატებული ადგილობრივ მეწარმეებისა და ქსელური მაღაზიების ისტორიებს გაასაჯაროებენ, რომელთა გაცნობის შესაძლებლობაც ფართო საზოგადოებას მიეცემა.
რომ შევაჯამოთ, პანდემიის პერიოდში, როცა საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა (საქსტატი), სასურსათო ქსელური სუპერმარკეტები მისი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იყო: ქმნიდა სამუშაო ადგილებს, აძლიერებდა და სტაბილური შემოსავლის შენარჩუნებაში ხელს უწყობდა სხვადასხვა ბიზნესს და თავადაც იზრდებოდა.
2021 წლისთვის ქსელური სუპერმარკეტები კიდევ უფრო გაფართოებას და და რეგიონების უკეთ ათვისებას გეგმავენ.