თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის ვადა 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ შენობა-ნაგებობების მშენებლობა დასრულდეს.
„მოგეხსენებათ, ჩვენ დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის გადაწყვეტილებების სისტემა შევქმენით, სპეციალური რეგულაციები არის დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, ბევრი კარგი გადაწყვეტილება იყო მიღებული, ბევრი პრობლემა მოგვარდა ამ მიმართულებით. განცხადებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 30 მაისი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელოთ ეს ვადა და 1-ელ სექტემბრამდე მივცეთ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ განაცხადები შემოიტანონ. შესაბამისად, დედაქალაქის მერია მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ისეთ შენობა-ნაგებობებს, რომელიც დაუმთავრებელია, პრობლემას წარმოადგენს ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის და რა თქმა უნდა, ქალაქისთვისაც. ვიზუალურ ნაწილში არავის სიამოვნებს, როდესაც ქალაქში დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობას ვხედავთ, თუმცა, ამ მიმართულებით ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა და განცხადებების შემოტანას ვახანგრძლივებთ“,-განაცხადა კალაძემ.