გერმანული კომპანია Lufthansa განცხადებას ავრცელებს, რომ აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. ამის მიზეზად კომპანიაში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის კლებასა და ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების შემცირებას ასახელებენ. ნიუ-იორკის, მაიამისა და ლოს ანჯელესის მიმართლებით ფრენებზე მოთხოვნა 300%-ით გაიზარდა. Lufthansa ივნისიდან რეისების რაოდენობის კიდევ უფრო მატებას მოელის, რადგან მან ფრენები ორლანდოსა და ატლანტას მიმართულებითაც აღადგინა.
„ტრანსატლანტიკურ ფრენებს გლობალური ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მკაფიო პერსპექტივა იმაზე, თუ როგორ დავაბრუნოთ აშშ-სა და ევროპას შორის მოგზაურობა ფართო მასშტაბებში,“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ჰარი ჰოჰმეისტერი. მისი თქმით, ინფიცირების კლება და სწრაფი ვაქცინაცია ტრანსატლანტიკური ფრენების „სიფრთხილით მატების“ საშუალებას იძლევა.
თვის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ სრულად ვაქცინირებული გერმანელებისთვის ქვეყანაში ხელახლა შემოსვლის საკარანტინო შეზღუდვების მოხსნა დააანონსა. თუმცა ევროკავშირში სამოგზაურო ჯანმრთელობის ციფრული მოწმობები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. ასეთი მოწმობა მოგზაურის იმუნიტეტის მტკიცებულება იქნება, თუმცა სისტემის შემოღებას ევროკავშირში ივნისის ბოლომდე არ მოელიან. ჯერ ისიც არაა ბოლომდე გარკვეული, თუ როგორ იმუშავებს აღნიშნული სქემა ევროკავშირის საზღვრებს გარედან ჩასული მგზავრებისთვის.
Lufthansa სამთავრობო ფინანსურმა მხარდაჭერამ გადაარჩინა, რომელმაც გასულ წელს 9 მლრდ ევრო (11 მლრდ დოლარი) შეადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ 3-ჯერ იზრდება მოთხოვნა ევროპის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია. კომპანიის საბიუჯეტო ავიაკომპანია Eurowings პალმა დე მაიორკას, იბიცასა და საბერძნეთის მიმართლებით დამატებით 500 რეისს განახორციელებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ