„ველოდებით, რომ ამ თანხების მეშვეობით დამატებით 6000-მდე ახალი ბიზნესი დაფინანსდება“,- ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტერანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. საქმე ეხება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მლნ ევროს კრედიტს, რომელიც საქართველოში მცირე და საშულო ბიზნესის განვითარებას უნდა მოხმარდეს.
როგორც ირაკლი გაბრიაძემ აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, მოხდება როგორც ბიზნეს სესხების სუბსიდირება, ისე, სახელმწიფოს მხრიდან კრედიტის 90%-ის უზრუნველყოფა.
„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და ზოგადად, ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებისთვის, მსოფლიო ბანკმა გამოყო 85 მლნ ევროს მოცულობის კრედიტი. აქედან, 68 მლნ ევრო მიმართული იქნება სწორედ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მიმართულებით. მოიაზრება როგორც არსებული პროგრამები, ასევე გათვალისწინებულია ახალის შემუშავება და დამატება. არსებულ პროგრამებში ვგულისხმობთ საკრედიტო საგარანტიო სქემას და სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ამ თანხების ათვისება მოხდება 5 წლის განმავლობაში და ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ვუზრუნველვყოთ სტაბილურობა ამ პროგრამების.
მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ სკურპულოზური შემოწმება გაიარა ორივე პროგრამამ მსოფლიო ბანკის მხრიდან. მათ მოეწონათ და ვთვლით, რომ ეს ბიზნესს მიაწოდებს იმ საჭირო რესურსებს და ფინანსურ დახმარებას, რომელიც პოსტ-პანდემიურ პერიოდში სჭირდებათ. რაც შეეხება უკვე არსებულ ბენეფიციარებს, ისინი აუცილებლად მიიღებენ ამ დახმარებას. ეს მიმართული იქნება ძირითადად პროგრამების გაფართოვებაზე, ანუ ბენეფიციარების დამატებაზე.
ველოდებით, რომ დამატებით, ამ თანხების მეშვეობით 6000-მდე ახალი ბიზნესი დაფინანსდება.
განვმარტავ, ძირთადად გვაქვს ორი პროგრამა ერთი სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იღებთ საბანკო კრედიტს და სახელმწიფო ასუბსიდირებს ამ კრედიტის 12,5%-ს, რაც საკმაოდ დიდი შეღავათია. თითქმის, სრულად ხდება პროცენტის სუბსიდირება. საკრედიტო საგარანტიო სქემა არის ცალკე მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ თქვენ არ გაქვთ საშუალება, უზრუნველყოფაში ჩადოთ ქონება, ან სხვა ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ითხოვს ფინანსური ინსტიტუტი, სახელმწიფო დგება გარანტორად და ახდენს სესხის 90%-ის უზრუნველყოფას“, -განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.
რაც შეეხება კომპანიებს, თუ ვის შეეძლება პროგრამებით სარგებლობა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის თქმით, ეს უნდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა წლიური ბრუნვა 20 მლნ ლარს არ აღემატება.
„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, როგორც იცით, ფოკუსირებულია ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. ჩვენთან ყველა პროგრამაში მონაწილეობა ლიმიტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე. ლიმიტაციისთვის ვიყენებთ მესამე-მეოთხე კატეგორიის საწარმოს. რაც მარტივად გულისხმობს იმას, რომ საწარმოს, რომელსაც წლიური ბრუნვა 20 მლნ-მდე აქვს, ისინი შეძლებენ მხოლოდ ჩვენი პროგრამებით სარგებლობას (აქამდეც მხოლოდ ისინი ახერხებდნენ ჩვენი პროგრამებით სარგებლობას). ასევე, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს პრიორიტეტული მიმართულებები, სექტორების სახით. გვაქვს თითოეულ პროგრამაში ჩამონათვალი, თუ რომელ სექტორებს ვაფინანსებთ.
პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ის, რომ მოხდება გაციფრულების და ტექნიკური მიმართულებით მხარდაჭერა. კერძოდ, ბიზნესებს მივაწვდით ტრენინგებს და სხვა საკონსულტაციო სერვისებს, რომელიც მათ დაეხმარებათ გადაჭრან სხვადასხვა პრობლემები და შეძლონ უკეთესი ოპერირება, გააუმჯობესონ საკუთარი ბიზნეს პროცესები“,- განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.