პანდემიამ უმუშევრობის მაჩვენებელი გაზარდა და უმუშევრობის ზრდა სოციალურ ხარჯებსაც დაეტყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს განიხილავენ.
ამასთან, კაკაურიძე ვარაუდობს, რომ ეკონომიკის სრული აღდგენა წელს ვერ მოხდება და 2019 წლის პარამეტრების დაბრუნებას 2-3 წელი დასჭირდება.
"გასული წლის მეორე ნახევარმა და წლის პირველმა კვარტალმა, რაც პანდემია არსებობს და ქვეყანაში შეზღუდვები გვაქვს, უმუშევრობის მაჩვენებელი გაზარდა. რა თქმა უნდა, უმუშევრობის ზრდა დაეტყო სოციალურ ხარჯებსაც, ოჯახების გარკვეული კატეგორია მოხვდა იმ ზღვრული მაჩვენებლის ქვევით, როცა ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება და ეს ბიუჯეტის დამატებითი ხარჯია. თუმცა, ამის შეფასება ცოტა ნაადრევია იმ კუთხით, რომ როცა ჩვენ შევძლებთ და შეზღუდვების გარეშე დავიწყებთ ცხოვრებას, რამდენად სწრაფად მოახერხებს ეკონომიკა აღდგენას, ამაზე იქნება დამოკიდებული, რა დატვირთვა ექნება ამ კუთხით ბიუჯეტს. რა თქმა უნდა, გარკვეული დატვირთვა ყველანაირ ვარიანტში დარჩება, რადგან წელს სრული აღდგენა ვერ მოხდება და 2019 წლის რეალური პარამეტრების დაბრუნებას ალბათ, 2-3 წლიანი პერიოდი დასჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი, წლის მეორე ნახევარი იქნება საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით და მომდევნო წელს უკვე შესაძლებელი იქნება შეფასება, ეს არის თუ არა უმუშევრობის მუდმივი ზრდა და ეს რამდენად დააწვება სპეციალურ ხარჯებს, რამდენად დააწვება ეკონომიკას პანდემიის გავლენა",- განაცხადა კაკაურიძემ.