თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პროგრამის ფარგლებში გასაყიდად გამოტანილი საწარმოები, შესაძლოა, ცოტა მეტ ფასდაკლებასაც ითხოვდეს.
როგორც ჭარაია განმარტავს, ამას არ უნდა შევხედოთ როგორც ნეგატიურ მოვლენას.
„პანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესის კეთება და აქ ფულის ჩადება საკმაოდ რთული საკითხია. რომ არ იყოს პანდემიური პერიოდი შესაძლოა, სხვა რეალობა დადგეს. მითუმეტეს, რომ ადგილობრივ ინვესტორებზე გამიზნული საწარმოები იქნება ეს, თუ მიწები. შესაძლოა, ცოტა მეტ ფასდაკლებასაც ითხოვდეს. არ უნდა შევხედოთ ამას, როგორც ნეგატიურ მოვლენას პირიქით, თუ სახელმწიფოს ბალანსზე რაღაც ობიექტი არის უძრავად, უმოქმედოდ და ვინმეს ნახევარ ფასად შეუძლია იყიდოს, ვიდრე საბაზროდ ღირდეს, დაასაქმოს ადამიანები, გადაიხადოს გადასახადები, შექმნას ადგილობრივი პროდუქტი და ამით იმპორტი შეამციროს. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით პანდემიურ ფონზე, შეიძლება მივიჩნიოთ მაღალ ფასად. ბიზნესმენს საბაზრო ფასზე, ყოველთვის იაფად სურს შეძენა.
სურვილი, რომ უფრო იაფად გაიყიდოს ბიზნესის მხრიდან, რა თქმა უნდა, გასაგებია. თუმცა, მეორე მხარეს სახელმწიფო ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელმაც გარკვეული შემოსავალი უნდა მიიღოს. ორივე ინტერესი უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ფინანსურად ვერ მოიგოს კონკრეტული ობიექტის გაყიდვისას, მაგრამ მოიგოს იმით, რომ შეამციროს უმუშევრობა და გაზარდოს წარმოება. თუ რომელიმე ობიექტები არ იყიდება, არსებობს პროცედურები, რომ მეორეჯერ გარკვეული ფასდაკლებით გამოვიდეს ტენდერზე",- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ამასთან ჭარაია, მთლიანობაში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პროგრამას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულიდან უკვე სახელმწიფომ გარკვეული შემოსავალი უკვე მიიღო.
ცნობისთვის, 17 მაისს 9 სახელმწიფო საწარმოდან, რომელსაც მთავრობა აუქციონზე ყიდდა, მხოლოდ ერთი გაიყიდა. საუბარია შპს „ჭიათურის ავტოსადგურის“ 49%-იან წილზე, რომელიც აუქციონზე 21 000 ლარად გაიყიდა.