კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულ ნიშნულზეა. 2021 წლის აპრილში ამ მაჩვენებელმა 173,071 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92,774 მლნ ლარით (115,5%-ით), წინა თვესთან შედარებით კი 6,747 მლნ ლარით (4%-ით) მეტია. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგება შეადგენდა 80,297 მლნ ლარის, 2021 წლის მარტში კი 166,324 მლნ ლარს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რთული 2020 წლის შემდეგ, 2021 წელი კომერციული ბანკებისთვის შედარებით წარმატებული აღმოჩნდა. წლის პირველ თვეს ბანკების წმინდა მოგება 113,368 მლნ ლარი იყო, თებერვალში - 132,115 მლნ ლარი, მარტში კი 166,324 მლნ ლარი და აპრილში 173,071 მლნ ლარი. მთლიანად, 2021 წლის 4 თვეში ბანკები 584,878 მლნ ლარის მოგებაზე გავიდნენ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აპრილში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 475,018 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 375,511 მლნ ლარი. მარტში კომერციული ბანკების ხარჯებმა 279,045 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,515 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 25,042 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 36,964 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99,262 მლნ ლარი შეადგინა. ეს იყო მოგების ყველაზე მცირე მაჩვენებელი, რაც ბანკებს ბოლო წლებში ჰქონდათ მიღებული. ამის მიზეზი კი, კორონავირუსის პანდემიის პირველი თვე იყო, როდესაც ბანკებს სესხების მასობრივი გადავადება მოუწიათ. შესაბამისად, 2020 წლის მარტში ბანკები 943,130 მლნ-იან ზარალზე გავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, კომერციული ბანკები წაგებაზე არ გასულან.
დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.