სწრაფი კვების რესტორნების ქსელ McDonald's-ის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესის უმაღლეს საოლქო სასამართლოში სარჩელი შევიდა. მედია-ბიზნესმენ ბაირონ ალენის კუთვნილი ორი კომპანია McDonald's-ისგან, სულ ცოტა, 10 მლნ დოლარს მოითხოვს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სასამართლოში სარჩელი გუშინ შევიდა, რომელშიც კომპანიას რასობრივ დისკრიმინაციაში სდებენ ბრალს, თითქოს McDonald's ფერადკანიანი მფლობელების მედიასაშუალებებს რეკლამას არასკმარისად უკვეთავს. სარჩელში წერია, რომ McDonald's-მა რეკლამებზე თანხის განაწილების დროს „თავისი რასობრივი შუღლისა და სტერეოტიპების გამო სამოქალაქო უფლებების შესახებ ფედერალური კანონი დაარღვია.“ სარჩელის თანახმად, ჩიკაგოში ბაზირებულმა კომპანია McDonald's-მა უარი განაცხადა რეკლამის განთავსებაზე Entertainment Studios Networks-სა და მის შვილობილ Weather Group-ში. ორივე კომპანია ფერადკანიან მეწარმე ბაირონ ალენის საკუთრებაშია და ფლობენ რამდენიმე ტელეარხს ცხოვრების სტილზე.
„ფერადკანიანები McDonald's-ის მომხმარებელთა, დაახლოებით, 40%-ს შეადგენენ, მაგრამ კომპანიამ 2019 წელს ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი თავისი 1,6 მილიარდი დოლარის სარეკლამო ბიუჯეტიდან ფერადკანიანების კუთვნილ მედიასაშუალებებში 5 მლნ დოლარზე ნაკლები დახარჯა. მართალია, McDonald's ისევე, როგორც კორპორატიული ამერიკის დიდი ნაწილი განსხვავებულებებსა და ინკლუზიურობაზე თავის მიდრეკილებას საჯაროდ არეკლამირებს, მაგრამ ეს მხოლოდ ცარიელი რიტორიკაა და სხვა არაფერი,“ - ნათქვამია სარჩელში.
ბაირონ ალენმა სასამართლოში სარჩელი იმავე დღეს შეიტანა, როცა McDonald's-მა განაცხადა, რომ ფერადკანიანი მფლობელების კუთვნილ მედიასაშუალებებში რეკლამაზე თავის ნაციონალურ ხარჯებს 2024 წლისთვის 2%-დან 5%-მდე გაზრდის, აგრეთვე, დახარჯავს მეტ თანხას ლათინოამერიკელების, აზიური წარმოშობის ამერიკელების, ქალებისა და ლგბტ თემის კუთვნილ პლატფორმებზე.
„ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ურთიერთობა პარტნიორებთან, რომლებსაც განსხვავებული რასისა და სქესის ადამიანები წარმოადგენენ,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, ხოლო ბაირონ ალენის პასუხად McDonald's-ში ამბობენ, რომ საკითხს განიხილავენ და რეაგირებაც შესაბამისი ფორმით ექნებათ.
ბაირონ ალენისთვის ასეთი საჩივარი პირველი არაა. აპრილში მან და სხვა ფერადკანიანმა მეწარმეებმა გაზეთებში ერთგვერდიანი სარეკლამო ადგილი შეუკვეთეს და გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლებშიც ავტომწარმებელ General Motors-ს ბრალად სდებდნენ „შავკანიანთა მედიასაშუალებების იგნორირებაში.“ ამის შემდეგ General Motors-მა პირობა დადო, რომ ასეთ მედიასაშუალებებს უფრო მეტ რეკლამას შეუკვეთავდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ