USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერეს განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვით USAID მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონ აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ USAID-დან აცნობეს, ახალი შეთანხმების საფუძველზე USAID/საქართველო დაიწყებს 2020 წლის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის სრულად განხორციელებას. მათივე ინფორმაციით, ახალი სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას, რომელიც განაპირობებს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნას.
როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.
„არსებული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამასთანავე, ორიენტირებულია USAID-ის მიზანზე, საქართველოში ითანამშრომლოს ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს როგორც კერძო, ასევე საჯარო პარტნიორებთან ერთად შევქმნით და დავაფინანსებთ საქართველოს განვითარების წინაშე არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და მმართველობით გამოწვევებს“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.
“მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას და ხალხს საქართველოს განვითარების მხარდაჭერისათვის. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში არსებულ სტრატეგიულ განვითარებას. ეს თანამშრომლობა გადამწყვეტი იყო დამოუკიდებლობის მიღების პირველ წლებში და ასეთივე მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემთხვევაშიც. დარწმუნებული ვარ, რომ განვითარების მიზნების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“,- აღნიშნა ხუციშვილმა.
როგორც USAID-ში აღნიშნავენ, განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმება ასახავს USAID-ის ვალდებულებას პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს, რათა ქვეყანამ გადალახოს მის წინაშე არსებული მდგრადი განვითარების გამოწვევები, მათ შორის მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკა, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში და რეგიონებში მდგრადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა.