ადამიანები ყველაფრის მოსწრებას ვცდილობთ - სამსახურში ყველა პროექტისა და წამოწყების ბრწყინვალედ შესრულებას, შემეცნებითი ჟურნალებისა და სხვადასხვა სახის ლიტერატურის კითხვას, პირადი ცხოვრების აწყობასა და ოჯახზე ზრუნვას, სახლის საქმეების მოგვარებას და კიდევ ვინ მოთვლის.
თავში მუდმივად გეგმები და მათ შესასრულებლად გაწერილი გრაფიკი გვიტრიალებს, მაგრამ გვაქვს კი დრო ამ ყველაფრის მოსასწრებად? არა და თან კი, თუ ყველაფერს სწორად დავგეგმავთ. ამაში კი ბრაიან თრეისის ბესტსელერი „შეჭამე ბაყაყი“ დაგვეხმარება. წიგნის სახელი ალბათ გეცნოთ და თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, წაიკითხოთ თუ არა ის, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.
ცნობილი მწერალი და ტრენერი ბრაიან თრეისი გვეუბნება, რომ „წარმატებას აღწევენ ადამიანები, რომლებსაც უნარი შესწევთ, საჭირო დროს საჭირო საქმეები აკეთონ. ყველაზე წარმატებული და ბედნიერი კი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია, დრო საშუალო ადამიანზე გაცილებით უკეთ გამოიყენოს“. დროის მენეჯმენტი ნიჭი სულაც არ არის, ამის გამომუშავება შესაძლებელია. ბრაიან თრეისი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვეუბნება, რომ ახალგაზრდობაში ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთა შორის, ვისი საყვარელი საქმიანობაც დროის ფლანგვაა, თუმცა საკუთარ თავზე იმუშავა და ყველაფერი შეცვალა. საბოლოოდ, „შეჭამე ბაყაყის“ ავტორი წარმატებულ მენეჯერად და ტრენერად ჩამოყალიბდა და ახლა თავის გამოცდილებას ჩვენც გვიზიარებს.
ბრაიან თრეისის 21 წესი მარტივია და სწორედ ჩვენნაირი, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის არის შექმნილი, რომელთაც ყოველთვის გვაოცებს, რა მექანიზმებით, მონდომებითა და რა სამუშაო გრაფიკით მიაღწიეს წარმატებას მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, უმსხვილესი კომპანიების მენეჯერებმა და დამფუძნებლებმა. მაგალითად, უორენ ბაფეტმა, ტიმ ქუქმა, დონალდ ტრამპმა, ოპრა უინფრიმ და სხვებმა.
ბრაიან თრეისის პირველი და მნიშვნელოვანი წესია, სწორად გააწყო სუფრა ანუ ზუსტად ჩამოაყალიბო შენი მიზნების სიცხადე. მეორე - დაგეგმო ყოველი დღე, რომ არაფერი გამოგრჩეს, რომ მეტი დრო დაზოგო და ა.შ. ავტორი ყველა პუნქტის მნიშვნელობასა და შესრულების წესზე დაწვრილებით თავის წიგნში გვესაუბრება. მისი მტკიცებით, თუ დროის მენეჯმენტს სწორად გავაკეთებთ და პრიორიტეტებსაც მათი მნიშვნელობის მიხედვით გავანაწილებთ, უკეთესი შედეგი გვექნება.
ყოველთვის არსებობს საქმე, რომლის შესრულებაც გვერთულება, უსიამოვნოდ გვეჩვენება, მის გაკეთებას ყველაფერი გვირჩევნია და დროს ვწელავთ... რა შედეგი მოაქვს ამას? ვავნებთ მხოლოდ საკუთარ თავს, ჩვენს წარმატებამდე მისასვლელ გზას უფრო გრძელს ვხდით, ამასობაში გვიგროვდება საქმე, იზრდება სტრესი და ამ ყველაფერმა შეიძლება, სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს.
ამგვარი საქმე ბაყაყს მოგვაგონებს, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ჩვენი შესაჭმელია! ბრაიან თრეისი გვეუბნება, რომ „ყოველგვარ ნიჭსა და შესაძლებლობაზე აუცილებელი თვისება, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, არის უნარი იმისა, სწორად შეარჩიოთ, რომელია მოცემულ მომენტში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე“.
ბაყაყის შეჭმა რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს, იმდენად მნიშვნელოვანია მომავალი წარმატებისა და განვითარებისთვის. მას შეუძლია, იმდენად დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრებაზე, რომ მთლიანად შეცვალოს ის. რაც უფრო მახინჯია ბაყაყი, შეიძლება, უფრო სასარგებლო იყოს მისი მირთმევა.
როცა იცი, რომ 5 მარტივი საქმის შესრულებას სამუშაო დღის ბოლოს გადაღლილ გონებაზე უცებ შეძლებ, სჯობს იმ ერთი რთული ამოცანით დაიწყო, რომელსაც რამდენიმე საათი, თუნდაც რამდენიმე დღე სჭირდება. რთული საქმის კარგად შესრულების სიამოვნება კი დამიჯერეთ, ბევრ რამეს უკეთ შეგაძლებინებთ. თუ წარმატებულმა ადამიანებმა შეძლეს, შენც შეძლებ, მთავარია, მოინდომო და პრიორიტეტები სწორად დაალაგო, გვეუბნება ბრაიან თრეისი.
დანარჩენ წესებს კი როგორ შევჭამოთ ბაყაყი, რომელი ბაყაყი უფრო მნიშვნელოვანია და რა შედეგებზე შეიძლება გაგვიყვანოს ამან, თავად ბრაიან თრესის ბესტსელერიდან შეიტყობთ.