საპენსიო ფონდის აქტივების დეპოზიტარი შესაძლოა, “საქართველოს ბანკი“ გახდეს.როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გიორგი მელიქიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სპეციალური დეპოზიტარის შერჩევაზე გამოცხადდა ტენდერი, სადაც ქართულთან ერთად რამდენიმე უცხოური ფინანსური ინსტიტუტი მონაწილეობდა, თუმცა შესაბამისი კრიტერიუმები „საქართველოს ბანკმა“ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტო დანაზოგების საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას გეგმავს.
„ცენტრალური დეპოზიტარის მთავარი როლი (და ეს არ არის ჩვენი მოგონილი, გლობალურად ყველა საპენსიო ფონდი ასე მუშაობს), არის თუ სად უნდა მოხდეს შენახვა იმ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების და სხვა ინვესტიციების, რომელსაც განახორციელებს საპენსიო ფონდი. ეს არის საინვესტიციო ინფრასტრუქტურის ნაწილი. აუცილებელია შემნახველი, სადაც მოხდება დეპოზიტარული მომსახურება, რა დროსაც ჩვენ რომ შევიძენთ რომელიღაც ობლიგაციას, საინვესტიციო ფონდს, ან ნებისმიერი კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტს, სპეც დეპოზიტარში ხდება ამის შენახვა. ეს არის შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია შენახვაზე.
როდესაც საქართველოში ჩვენ ამის ტენდერი გამოვაცხადეთ, მონაწილეობა მიიღეს ქართულმა და ერთი-ორმა უცხოურმა ორგანიზაციამ. შემდეგ ტენდერის პირობები დააკმაყოფილა ქართულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა. პირდაპირ ვიტყვი, ჩვენი საინვესტიციო საბჭოს ოქმში გამოქვეყნებულია, რომ უპირატესი კონტაქტორი არის „საქართველოს ბანკი“, მასთან მიმდინარეობს ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება, რომელიც 2-3 კვირაში დასრულდება და დიდი ალბათობით ის გახდება სპეცდეპოზიტარი. მისი ფუნქციები და მთელი მოვალეობები გაწერილია ამავდროულად კანონშიც და ეროვნული ბანკის სხვადასხვა ბრძანებებში. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ამბობს, რომ საპენსიო ფონდს უნდა ჰყავდეს სპეცდეპოზიტარი და სწორია, ეს ასეც უნდა იყოს. იმიტომ, რომ იმდენად პასუხისმგებლიანი საქმეა და იმდენად დიდი აქტივების შენახვა უნდა მოხდეს, მისი შერჩევა სპეციალური პროცესით უნდა მოხდეს “,- განაცხადა გიორგი მელიქიძემ.