სახმელეთო საზღვრების გახსნაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, გაიხსნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ძირითად ტურისტულ სეზონზე საქართველო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა ყოფილიყო.
„ძალიან რთული სიტუაცია იყო სახმელეთო საზღვრებზე ცოტა ხნის წინ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, თურქეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული შტამიც“ არის, „ბრაზილიური შტამიც“ და „ინდური შტამიც“. მე მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები, მაგრამ შენს ქვეყანას რაღაცნაირად მაქსიმალურად უნდა შეუწყო ხელი, რომ ყველა ჩვენი ქმედებაც მიმართული იყო იმისკენ, რომ ტურისტულ სეზონზე ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და უსაფრთხო ყოფილიყო ტურისტებისთვის. რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა?! აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა ქმედება მოყოლებული ზამთრიდან გათვლილი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალი პიკი არ ყოფილიყო, სამედიცინო სექტორზე ძალიან მაღალი დატვირთვა არ ყოფილიყო, რაც მოგეხსენებათ არ არის ადვილი გასაკეთებელი და ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანა მიმზიდველი ყოფილიყო ტურისტებისათვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჯერჯერობით ამ დაგეგმილ მაჩვენებლებს მივყვებით. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რჩება ჩვენი მოქალაქების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა იმნაძემ.