BBC-ის ცნობით, ევროკავშირის მაღალი დონის ჩინოვნიკებმა, რომლებიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაზე მუშაობენ, გერმანელი „მწვანეების“ მოწოდება გაიზიარეს, რომ სარკინიგზო გადაყვანებზე ფასები უნდა შემცირდეს, ხოლო ავიასაწვავზე გადასახადები დაწესდეს. ცვლილებების მიზანი ისაა, რომ რკინიგზით მგზავრობა ავიაფრენებზე პოპულარული გახდეს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი აცხადებს, რომ საავიაციო ნავთზე და სხვა საწვავზე გადასახადების დაწესებას ემხრობა. მისი თქმით, წელიწადში 10-ჯერ ან 12-ჯერ არავინ უნდა დაფრინავდეს. თუმცა ტიმერმანსმა მხარი არ დაუჭირა გერმანიის მწვანეთა პარტიის ლიდერ ანალენა ბერბოკის მოწოდებას, რომ მოკლე მანძილზე ფრენები საერთოდ აიკრძალოს. გერმანიაში ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ნავთი, რომელიც თვითმფრინავების საწვავად გამოიყენება, ენერგეტიკული გადასახადებისგან გათავისუფლებულია.
„ოჯახი, რომელიც მატარებლით მოგზაურობს, ბილეთზე იმაზე ბევრად ნაკლებ თანხას უნდა ხარჯავდეს, ვიდრე მოკლემაგისტრალურ ავიარეისზე ხარჯავს. გრძელვადიან პერსპექტივაში მოკლე დისტანციის რეისები აღარ უნდა არსებობდეს,“ - აცხადებს ანალენა ბერბოკი. მისი თქმით, მწვანეთა პარტიის მთავრობის პირობებში, წარსულს ჩაბარდება ისეთი საბიუჯეტო რეისები, როგორიცაა, მაგალითად, მაიორკაზე 29 ევროდ გადაფრენა.
„ასეთ დემპინგურ ფასებს ავიასაწვავზე გადასახადების დაწესება შეაჩერებს,“ - აცხადებს „მწვანეების“ ლიდერი.
თავის მხრივ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი მიიჩნევს, რომ თუკი ევროკავშირის მოქალაქეებს დაარწმუნებენ, წელიწადში მხოლოდ ერთი რეისით ისარგებლონ, მაშინ „არც კლიმატისთვის და არც მათი საფულეებისთვის არანაირი პრობლემა აღარ იარსებებს.“
სექტემბერში ჩანიშნული საყოველთაო არჩევნების წინ გერმანიის მწვანეთა პარტიის პოპულარობა მეტად გაზრდილია, ხოლო ანალენა ბერბოკი კანცლერის პოსტზე კანდიდატად არის დასახელებული. ზოგიერთი გამოკითხვით, „მწვანეები“ მერკელის „ქრისტიან-დემოკრატებს“ უსწრებენ კიდეც და თუკი ასეთი რეიტინგი შეინარჩუნეს, შესაძლოა, გერმანიის მომავალი კოალიციური მთავრობის სათავეში მოვიდნენ, ხოლო ბერბოკი კანცლერი გახდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ