საპენსიო ფონდის აქტივების დეპოზიტარი შესაძლოა, “საქართველოს ბანკი“ გახდეს. ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ აცხადებს, რომ სისტემაში ჩართულ ადამიანებს, თავად უნდა მისცემოდათ რამდენიმე არჩევანი, სად მოახდენდნენ საკუთარი თანხების ინვესტირებას.
,,ტენდენცია იქეთკენ მიდიოდა, რომ სწორედ ფასიან ქაღალდებში უნდა განხორციელებულიყო საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტიცია, რადგან ყველაზე მეტად ლიკვიდური და ნაკლებ რისკიანია. თუმცა, როცა მხოლოდ ერთი ბანკია გამტარი, ამას დადებითად ვერ შევაფასებ.
ორიენტირი უნდა იყოს დაბალი რისკი და არა მაღალი მოგება, რადგან ჩვენ გვახსოვს იაპონიის მაგალითი, როცა სულ ცოტა ხნის წინ, 1 მლრდ-მდე საპენსიო დანაზოგი დაკარგა, რადგან მაღალ საპროცენტო განაკვეთის ფასიან ქაღალდებში განათავსა. თავდაპირველ ეტაპზე დეკლარირებული იყო და სებ-ის ყველა განცხადებაც ამაზე მიუთითებდა, რომ ინვესტირება პირველი 5 წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო ყველაზე ნაკლებ რისკიან ჯგუფში და ასეთად მოიაზრებოდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. ახლა, რამდენად შენარჩუნდება ეს კურსი და რამდენად იქნება დივერსიფიცირებული, ძალიან მნიშვნელოვანია.
მეორე საკითხია, ხომ არ იქნება ცდუნება და ხომ არ მოხდება, უკვე შემდეგში, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში დაბანდება. რაც ნიშნავს იმას, რომ მოემსახურება სახელმწიფო ვალდებულებებს და გაისტუმრებს სახელმწიფოს ვალს. ჩვენ, როცა საგარეო ვალზე ვსაუბრობთ და მის პრობლემატურობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არანაკლები პრობლემაა შიდა ვალი.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის არის, რომ თავად სისტემაში ჩართულ ადამიანებს უნდა მისცემოდათ არჩევანის თავისუფლება, სად მოახდენდნენ თანხების ინვესტირებას, რაც გამორიცხულია, თუ მხოლოდ ერთი ფინანსური ინსტიტუტის მიერ იქნება მონოპოლიზებული სფერო“ - განაცხადა მაკალათიამ ,,საქმეში“.