ჩინეთის სარკინიგზო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და სწრაფად მზარდია მსოფლიოში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და სარკინიგზო სისტემა ჩინეთის განვითარების ერთ-ერთი საწინდარი გახდა.
ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის დასაწყისში ჩინეთში ჩქაროსნული რკინიგზები საერთოდ არ არსებობდა. მატარებლით მგზავრობა არც ისე კომფორტული და გადაადგილების ნელი საშუალება იყო. დღეს კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ჩინეთს მსოფლიოში ჩქაროსნული მატარებლების ყველაზე დიდი სისტემა აქვს.
დღესდღეობით ჩინეთის სარკინიგზო სისტემის სიგრძე 37 900 კილომეტრს შეადგენს და ქვეყნის უდიდეს ქალაქებს ერთმანეთთან აკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ნახევარი მხოლოდ 5 წლის განმავლობაში აშენდა, მიმდინარე წლის ბოლომდე კი, მას კიდევ 3 700 კილომეტრიანი მონაკვეთი დაემატება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პროექტის მიხედვით, 2035 წლისთვის ჩინეთის რკინიგზის სიგრძე 70 000 კილომეტრამდე უნდა გაიზარდოს.
ჩინეთის ჩქაროსნული მატარებლების სიჩქარე 350 კმ/სთ-ია.
ეკონომიკური განვითარების სიმბოლო
ისეთი დიდი ქვეყნისთვის, როგორიც ჩინეთია სარკინიგზო სისტემის განვითარება წინსვლასთან ასოცირდება. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის თქმით, სარკინიგზო სისტემას დიდი დროის დაზოგვა შეუძლია და ამასთან პერიფერიებს, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, ცენტრთან აახლოვებს.
პრობლემები
სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას არაერთი სირთულე ახლავს. ჩინელებს ხშირად მუშაობა საკმაოდ რთულ და მიუვალ ადგილებში უწევთ. ასევე ხშირია ინციდენტები და უბედური შემთხვევები.
მეზობელი ქვეყნები და გეგმები
ჩინეთის კიდევ ერთი მიზანია სარკინიგზო სისტემა მეზობელ ქვეყნებს დაუკავშიროს. მიმდინარე წელს ჩინეთ-ლაოსის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა დასრულდება, რაც დაახლოებით 5.3 მილიარდი დოლარი დაჯდა.
ჩინეთის ამბიციური გეგმა ამით არ სრულდება. მათი მიზანია ლაოსიდან ტაილანდისა და მალაიზიის გავლით სარკინიგზო ქსელმა სინგაპურამდე მიაღწიოს.
ჩინეთის კიდევ ერთი მასშტაბური გეგმა აბრეშუმის გზის აღდგენაა, რაც ქვეყანას ევროპულ ბაზართან უმოკლეს დროში დააკავშირებს.
ამ ნაბიჯებით ჩინეთს სურს ევრაზიის კონტინენტზე საკუთარი პოზიციები გააძლიეროს და უმსხვილესი ეკონომიკური ბირთვი გახდეს.
მაგნიტური მატარებლები
CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთი ამჟამად მილიარდობით დოლარს მაგნიტური მატარებლების განვითარებაში ხარჯავს. აღნიშნული მატარებლები მომავალში 620 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებენ.