გერმანული საგამომცემლო სახლი Axel Springer SE იწყებს მოლაპარაკებებს ამერიკული ახალი ამბების სააგენტო Axios-ის შეძენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ, The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, Axios-ის მფლობელების სურვილია, ამ კონტრაქტიდან მიიღონ 400-450 მილიონი დოლარი.
როგორც WSJ აღნიშნავს, Axios-ი ცნობილი სააგენტოა სენსაციური ახალი ამბებით და ამბების ლოკალურად გადმოცემით. მისი თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა პოლიტიკა, მედია, ტექნოლოგიები და ფინანსები. 2020 წელს Axios-მა 60 მილიონ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო.
Axel Springer-ი კი ფლობს ისეთ გერმანულ გავლენიან გამოცემებს, როგორიცაა: Bild და Welt. ბოლო წლებში მის პორტფელში ამერიკული კომპანიებიც მოხვდნენ: 2015 წელს მათ შეიძინეს 500 მილიონ დოლარად ცნობილი პორტალი Business Insider-ი, ახლახან კი ინტერნეტ გამოცემა Morning Brew, რომლის ძირითადი თემაა ბიზნესი.