თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.
მიზეზი კომპანია softmaster-ის საჩივარი გახდა. ეს უკანასკნელი შემსყიდველი ორგანიზაციისგან სატენდერო დოკუმენტაციის პირობების გადახედვას ითხოვდა, რაც თავის მხრივ, სატენდერო კომისიამ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით ტენდერი აპრილში გამოაცხდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერიას 1 000 მთვლელი უნდა ეყიდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 300 000 ლარი იყო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოწყობილობა უნდა ყოფილიყო ინტეგრირებადი ავტობუსებში (მიკროავტობუსებში) არსებულ გადახდის სისტემასთან - სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საკითხი, რაც შპს softmaster-მა გაასაჩივრა და რაც ტენდერის შეწყვეტის ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
„მოწყობილობა უნდა იყოს ... ინტეგრირებადი ავტობუსებში (მიკროავტობუსებში) არსებულ გადახდის სისტემასთან, რასაც უზრუნველყოფს მიმწოდებელი“ - აღსანიშნავია, რომ ზოგადად მგზავრთა დათვლის სისტემას, გამართული მუშაობა და სერვერისთვის მონაცემების მიწოდება შეუძლია დამოუკიდებლად (სისტემაში შემავალი კომპონენტების მეშვეობით). შესაბამისად, მთვლელი სისტემის მუშაობისთვის არ არის საჭირო მისი ინტეგრაცია ავტობუსებში არსებულ გადახდის სისტემასთან. ამასთან, თუ საუბარია ამ ორი სისტემის (მთვლელი და გადახდის სისტემების) მიერ მიღებული მონაცემების ურთიერთშეჯერებაზე, ესეც უნდა მოხდეს სერვერულ ნაწილში და არანაირი საჭიროება არ არსებობს, რომ უშუალოდ ავტობუსში განთავსებული მოწყობილობები იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსებში არსებული გადახდის სისტემები დამონტაჟებულია შპს „აზრი“-ს მიერ, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, ამ სისტემის დახმარებით უზრუნველყოს მთვლელი სისტემის მიერ მიღებული მონაცემების სერვერისთვის გადაცემა და შესაბამისად აღარ მიაწოდოს შემსყიდველს მთვლელი სისტემის ისეთი კომპონენტ(ებ)ი, რომელიც მისი დამოუკიდებელი მუშაობისთვის არის საჭირო. მეორეს მხრივ, შპს „აზრი“ დგება უპირატეს მდგომარეობაში, ვინაიდან მხოლოდ მან იცის თავის გადახდის სისტემასთან სხვა სისტემის ინტეგრაციის ტექნიკური დეტალები და ასევე აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა გზით შეზღუდოს სხვა მიმწოდებლების პროდუქციის ინტეგრაცია. აღსანიშნავია, რომ წინამორბედ ტენდერში (NAT200016616), სადაც მსგავსი ჩანაწერი არ იყო, გამოიკვეთა სხვა პრეტენდენტების გამარჯვების შესაძლებლობა და სავარაუდოდ სწორედ ამით არის განპირობებული მოთხოვნების იმგვარად დაკორექტირება, რომ იქმნება არაკონკურენტული გარემო, რადგან ყველა სხვა პრეტენდენტისთვის არაპროგნოზირებადი ხდება, როგორ უნდა განახორციელოს ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ან უნდა მოიხსნას მთვლელი სისტემის გადახდის სისტემასთან ინტეგრაციის მოთხოვნა, ან დეტალურად უნდა იყოს განსაზღვრული ინტეგრაციის პირობები და ტექნიკური დეტალები, რათა არსებობდეს გარანტია, რომ არ მოხდება გადახდის სისტემასთან ინტეგრაციის ხელოვნურად შეზღუდვა და სხვა პრეტენდენტები არ იქნებიან დამოკიდებული შპს „აზრი“-ს კეთილ ნებაზე“, - აღნიშნულია softmaster-ის საჩივარში.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხევით, softmaster-ი ტენდერის პირობებში სხვა ჩანაწერებსაც აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ამ პირობებით „ხდება ერთი კონკრეტული მიმწოდებლის პრივილეგირება და აბსოლუტურად უკონკურენტო გარემოს შექმნა მისთვის“. შესაბამისად, კომისიამ ტენდერის პირობების გადახედვა მოითხოვა.
„სატენდერო კომისიის წევრები გაეცნენ სატენდერო კომისიის აპარატის წევრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, განიხილეს წარმოდგენილი დოკუმეტაცია და აღნიშნეს, რომ ვინაიდან 2021 წლის 20 აპრილს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (აუქციონის გარეშე) NAT210007248 ტექნიკური დოკუმენტაცია საჭიროებს განახლებას, მიზანშეწონილია შეწყდეს ელექტრონული ტენდერი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს აუცილებელი რაოდენობის მოწყობილობის შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის გზის“, - აღნიშნულია სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაში.