მარნეულის მუნიციპალიტეტში ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებული გამოვლინდა

კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით, მესამე წელია ქვემო ქართლში საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“ იმართება. თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის შემდეგ, ახლა უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა გამოსცადეს საკუთარი ცოდნა საქართველოს ისტორიაში.

კონკურსში 528 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე გადასულ 19 უფროსკლასელს და მათ პედაგოგებს, მარნეულის ბიბლიოთეკის ეზოში კონკურსის ორგანიზატორებმა სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცეს.

პროექტის გამარჯვებული, მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე ლუკა ანდიაშვილი გახდა, რომელსაც „არემჯისგან“ 6 თვიანი სტიპენდია დაენიშნება. ისტორიის კონკურსს მარნეულის შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.

„არემჯი“ „დიდგორელის“ გენერალური სპონსორია პროექტის დაარსების დღიდან. მარნეული რიგით მე-4 მუნიციპალიტეტია, რომელშიც ისტორიის კონკურსი იმართება და ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტ მონაწილეს იზიდავს. ჩვენი კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს აღნიშნული პროექტის და ყველა იმ ახალგაზრდის მხარდაჭერას, რომლისთვისაც სწავლა, განვითარება და წინსვლა პრიორიტეტია.“- განაცხადა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

„ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია. ძალიან დიდი სტიმული, იმისათვის რომ გავაგრძელო შემდგომში საქართველოს ისტორიის უფრო ღრმად შესწავლა. ვფიქრობ, რომ ამ კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში გააჩინოს და გააღვივოს ინტერესი ისტორიის მიმართ და ეს მიზანი ნამდვილად მიღწეულია. არ მახსოვს ბოლოს ასეთი აქტიური პროექტი, როგორიც „დიდგორელია“ , მასში თითქმის ყველა ჩემი თანატოლი და მეგობარი ჩაერთო.“ - ლუკა ანდიაშვილი, „დიდგორელის“ გამარჯვებული მარნეულში.

ამ დროისთვის ისტორიის კონკურს „დიდგორელში“ მონაწილე მოსწავლეთა საერთო რაოდენობამ 1500-ს მიაღწია.