200 მლნ დოლარის ინვესტიცია, 100-მდე ქვეკონტრაქტორი კომპანიის და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე, გაზრდის გარე ინვესტორების ინტერესს, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
„ჩემთვის სასიხარულოა, დღეს, ამ ისტორიულ უბანში, ამ უნიკალურ ადგილას, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციაზე დასწრება.
ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორის მხრიდან ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა მართლაც მისაბაძი და დასაფასებელია. 200 მლნ დოლარის ინვესტიცია, 100-მდე ქვეკონტრაქტორი კომპანიის და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება.
როგორც ჩვენ ინვესტორისგან მოვისმინეთ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ გახდება მისაბაძი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. პროექტი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას. ასე რომ, სულ მალე კომპლექსის მობინადრეებს სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების, სწავლის, დასვენებისა და გართობის ყველა საშუალება ექნებათ.
რა თქმა უნდა, ეს უმაღლესი სტანდარტის კომპლექსი საუკეთესო შენაძენი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე, გაზრდის გარე ინვესტორების ინტერესს, რაც, საბოლო ჯამში, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ასეთი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, პანდემიას ებრძვის და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გზებს ვეძებთ.
„მოგეხსენებათ, ახლანდელი მსოფლიო კრიზისი, სხვა ინდუსტრიებთან ერთად, დეველოპერული სექტორისთვის აღმოჩნდა ძალიან დიდი გამოწვევა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, ჩვენი მთავრობის მიერ დამტკიცდა პროგრამა, რამაც, ბიზნესის მხარდაჭერის სხვა სამთავრობო პროგრამებთან ერთად, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა აღნიშნულ სექტორს.
„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი დეველოპერული პროექტია დღეს. ეს არის სწორედ იმის მაგალითი, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ჩვენ მხოლოდ განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორის მხრიდან გამოჩენილი ეს გაბედული გადაწყვეტილება ძალიან დასაფასებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ 2010 წელს დაარსდა ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის მიერ. განხორციელდა ინვესტირება 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და მისი განაშენიანება წარმატებით დასრულდა. პროექტზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ დამატებით შეისყიდა 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, დააპროექტა და შექმნა თანამედროვე დაგეგმარების და უმაღლესი სტანდარტების საცხოვრებელი მრავალფუნქციური კომპლექსი. პროექტის ჯამურმა განაშენიანებამ 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოიცვა.
პროექტის მიხედვით, კომპანია დაასაქმებს 100-მდე ადგილობრივ ქვეკონტრაქტორ კომპანიას, რაც მოიცავს წლების განმავლობაში ათასობით ადამიანის დასაქმებას. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ნაწილს ქართული კომპანია „დომუს ქონსტრაქშენი“ განახორციელებს, სადაც თითო ფაზის მშენებლობაზე ასობით ადამიანი იქნება დასაქმებული.