ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მის გადადგომასთან დაკავშირებით „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნას გამოეხმაურა. როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეჭვი რომ ეპარებოდეს და დარწმუნებული არ იყოს იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ენერგოდამოუკიდებლობაზე გადის და „ნამახვანჰესის“ პროექტი სტრატეგიული არ იყოს, ამ თანამდებობაზე არ იქნებოდა.
„რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ერთი წამით მაინც რომ ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა. მაგრამ დარწმუნებულები ვართ რა, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ერთად უნდა ვაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელიც იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი და „ნამახვანჰესი“ როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო კარგად მოკვლეული სრულყოფილი პროექტი, ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობს. ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო - მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიოკაცია, მაგრამ კომუნიკაცია უნდა მოხდეს სწორ ფორმატში,“- განაცხადა თურნავამ.