მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერი და ამ თავისი განცხადებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი პროტესტი გამოიყენონ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამ დროს აზარალებენ ქვეყნის ინტერესებს,- ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელმაც საკუთარ თავზე საკმაოდ მძიმედ გამოსცადა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ეფექტი, მსგავს არასახელმწიფოებრივ განცხადებას აკეთებს.
„მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერი და ამ თავისი განცხადებით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის სრულიად უპასუხისმგებლო და ისინი მზად არიან ნებისმიერი პროტესტი გამოიყენონ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამ დროს აზარალებენ ქვეყნის ინტერესებს. ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას და ელექტროენერგიით მომარაგებას გააჩნია სამი თეორიული პოტენციური წყარო - ერთი, ეს არის ჩვენი საკუთარი ენერგეტიკა და განახლებადი რესურსები, რომელზეც გვირჩევს, რომ უარი ვთქვათ, მეორე, ეს არის ელექტროენერგიის იმპორტი, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებიდან და რუსეთიდან და მესამე, ეს არის გაზის იმპორტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელმაც იწვნია თვითონ საკმაოდ მძიმედ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ასეთ არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას,“- განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის სხვა წყაროები აქვს და ჰესები აღარ არის მთავარი პრიორიტეტი.