აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესმა ევროპელ კოლეგებთან ერთად ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბელარუსის თავზე ფრენებისა და ბელორუსთან ავიაკავშირის დროებით გაწყვეტას მოითხოვს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, ლატვიის, გერმანიის, ლიეტუვის, ირლანდიის, პოლონეთის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები.
ამით ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები აპროტესტებენ კვირას ბელარუსის ხელისუფლების მიერ მინსკის აეროპორტში ავიაკომპანია Ryanair-ის კუთვნილი ათენი-ვილნიუსის რეისის თვითმფრინავის იძულებით დაფრენას, რომლის ბორტზეც ოპოზიციური ტელეგრამ-არხის, NEXTA-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. ბელარუსის ხელისფულებამ Ryanair-ის საგზავრო თვითმფრინავს მინსკში დაფრენა საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებით აიძულა.
კანონმდებლები მოუწოდებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტისა და თვითმფრინავის უსაფრთხოების უხეში დარღვევის ინციდენტი.“
„ჩვენ მოგიწოდებთ, შეუჩერდეს ბელარუსს ICAO-ს წევრი-ქვეყნის სტატუსი და ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებით ყველანაირი ფრენა აიკრძალოს. ასევე, აიკრძალოს ნებისმიერი ფრენა ქვეყნიდან და ქვეყნის მიმართულებით,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ლატვიის ავიაკომპანია AirBaltic -მა გადაწყვიტა, ბელარუსის თავზე აღარ იფრინოს. თუმცა ბელარუსის ავიაციის (ბელავიას) ფრენების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება რიგაში ჯერ არ მიუღიათ. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ AirBaltic-ის ორმა რეისმა ბელარუსის საჰაერო სივრცეს გვერდი აუარა. ლატვიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავისი რეკომენდაციების გამოქვეყნებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსმა გააკეთა. ის მოუწოდებს მგზავრებს, ბელარუსიდან და ბელარუსში ფრენებზე ინფორმაციას რიგის საერთაშორისო აეროპორტისა და იმ ავიაკომპანიების საიტებზე გაეცნონ, რომლებიც ასეთ რეისებს ახორციელებენ.
ამასთან, დღეს უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა კიევი-ტალინის რეისი ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით განახორციელა. ამის შესახებ განცხადება Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა მენეჯერმა, ანდრასას რადომ გააკეთა.
Twitter-ის გვერდზე ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროო ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, განიხილოს შესაძლებლობა ბელავიის თვითმფრინავებისთვის ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში დაშვების აკრძალვის შესახებ. ის, ასევე, ევროკავშირისგან ბელარუსის წინააღმდეგ სხვა სახის სანქციების დაწესებას მოითხოვს.
თავად ირლანდიურ ავიაკომპანია Ryanair-ში იძულებით დაფრენას „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თვითმფრინავის გატაცებას“ უწოდებენ.
„ეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მეკობრეობაა,“ - აცხადებს ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ო’ლირი რადიოსადგურ Newstalk-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ასეთი ინციდენტი ავიაკომპანიას პირველად შეემთხვა, რაც მგზავრებისთვის და ეკიპაჟისთვისაც მეტად სახიფათო იყო, რადგან მათ შეიარაღებული პირები ადგნენ თავზე, ხოლო მგზავრების ჩანთებს ჩხრეკდნენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ