Goldman Sachs-ის დირექტორთა საბჭოში კიდევ ერთი ქალი შეიყვანეს, რის შემდეგაც უმსხვილესი გლობალური ბანკის მმართველი საბჭოს თითქმის ნახევარს უკვე ქალები წარმოადგენენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
Wall Street-ზე მდებარე ბანკის მედია-იურისტი ქიმბერლი ჰარისი დირექტორთა საბჭოს ახალი წევრია. ის NBCUniversal Media-ს მთავარი იურისტ-კონსულტანტი და Comcast Corporation-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია, მანამდე კი Davis Polk & Wardwell-ში პარტნიორი იყო. ის, ასევე, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროში გენერალური პროკურორის თანაშემწის უფროს მრჩევლად მუშაობდა. ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს ჰარისი პრეზიდენტის მრჩევლის მთავარი მოადგილე და ობამას თანაშემწის მოადგილე იყო. Reuters -ის შეფასებით, ჰარისის დანიშვნა განაპირობა მზარდმა კამპანიამ, რომ ბანკებმა მმართველობის მაღალ დონეზე განსხვავებული სქესის წარმომადგენლობა ანუ ქალი-კანდიდატების რაოდენობა უნდა გაზარდონ.
ქიმბერლი ჰარისის დანიშვნის შემდეგ დირექტორთა საბჭოს 13 წევრიდან 6 ქალია. შედარებისთვის: მეორე უმსხვილეს ბანკ JPMorgan Chase-ში დირექტორთა საბჭოს 10 წევრიდან, 4 ქალია, ხოლო Bank of America-ს 16 წევრიდან, ქალი 6-ია.
„ფინანსურ ინდუსტრიას თითქმის მთლიანად მამაკაცები მართავენ. თუმცა ბოლო წლებში რამდენიმე ქალმა შეძლო, მიეღწია მაღალი თანამდებობებისთვის,“ - წერს სააგენტო და Citigroup-ის მაგალითი მოყავს, რომლის აღმასრულებელ დირექტორად გასული წლის სექტემბერში ჯეინ ფრეიზერი დაინიშნა. ის Wall Street-ის მსხვილი ბანკების მმართველებში პირველი ქალი გახდა.
Goldman Sachs-მა საჯაროდ დაისახა კონკრეტულ შიდამიზნებად, თუ როგორ უნდა მიიღონ სულ უფრო მეტი ქალი სამუშაოზე და როგორ წასწიონ ისინი ხელმძღვანელ პოსტებზე. გასული წლის აგვისტოში ბანკის მმართველობამ განცხადება გაავრცელა, რომ სურთ, 2025 წლისთვის Goldman-ის ვიცე-პრეზიდენტთა 40%-ს ქალები წარმოადგენდნენ. კიდევ უფრო ადრე, 2019 წელს ბანკმა მიზნად დაისახა, რომ აშშ-ში დაქირავებული ახალი ანალიტიკოსებისა და საწყისი დონის თანამშრომლების ნახევარს ქალები უნდა შეადგენდნენ. გასულ წელს ბანკში აცხადებდნენ, რომ საჯაროობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევენ, თუკი დირექტორთა საბჭოში ერთი ქალი მაინც შევიდოდა.
დირექტორთა საბჭოში ქიმბერლი ჰარისს Goldman Sachs-ის კორპორატიული მიმართულებების, კომპენსაციებისა და საჯარო პასუხისმგებლობის კომიტეტებში მუშაობის მოვალეობა დაეკისრება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ