ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა. კონკრეტული საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დიალოგი ძალიან გაჭირდება, თუ ქუჩების ბლოკირება, პარალიზება არ შეწყდება.
„ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა. კონკრეტული საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის. რა თქმა უნდა, დიალოგი, კომუნიკაცია თავად პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს არ უნდა გადასცდეს და რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს. შექმნილია კარგი, ძალიან საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, ექსპერტების თანდასწრებით უნდა განიხილებოდეს. ნებისმიერი შტო ჩვენი ხელისუფლების მზადაა, რომ საქმიანად კონკრეტულ ჯგუფებში, ექსპერტებთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ.“, - განაცხადა თურანავამ.