აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა საკუთარ განცხადებაში განმარტა, თუ რატომ არ დაუწესა სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-ს. პრეზიდენტის თქმით, პროექტი ისედაც თითქმის დასრულებულია, ხოლო სანქციები ევროპასთან ურთიერთობას გააფუჭებდა.
სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ბაიდენმა თავის გადაწყვეტილებაში, სავარაუდოდ, გაითვალისწინა ის, რომ მზადდება ევროპაში მისი პირველი ვიზიტი, ხოლო მომავალ თვეში შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტსაც შეხვდეს. მედია ამ შეხვდრის სავარაუდო ადგილად ჟენევას ასახელებს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის პროექტის წინააღმდეგ მისი დაწყებისთანავე გამოდიოდა, დღეს კი სანქციებისგან თავი შეიკავა, რადგან იანვარში, როცა მოვალეობის შესრულებას შეუდგა, პროექტი უკვე „თითქმის მთლიანად დასრულებული იყო.“
დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ არ შეუშალა ხელი რუსეთსა და გერმანიას ამ პროექტის დასრულებაში, ბაიდენმა უპასუხა: „იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ის უკვე თითქმის დასრულებულია, მეორეც, მე არ მაქვს უფლება, გერმანია ვაიძულო, გააკეთოს ან არ გააკეთოს რამე... ჩემი აზრით, ეს კონტრპროდუქტიული იქნებოდა ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისით.“
Reuters-ის შეფასებით, ჯო ბაიდენი, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნას ცდილობს, სწრაფად გადაერთო გერმანიასთან და ევროპის სხვა მოკავშირეებთან ურთიერთობის აღდგენაზე, რომლებიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მეტად დაზარალდნენ.
გასულ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გერმანული კომპანია Nord Stream 2 AG, რომელიც გერმანიაში რუსული გაზსადენის მშენებლობას ახორციელებს და მისი გენერალური დირექტორი, პუტინის მოკავშიირე მათიას ვარნიგი სანქციების ქვეშ მოხვედრას ექვემდებარებიან, მაგრამ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.
„გერმანელებმა იციან, თუ რამდენად შეშფოთებული ვარ ამ საკითხის გამო და იციან ისიც, რამდენად ძლიერად ვგრძნობ თავს, ამიტომ ვიმედოვნებ, დღეიდან ერთად ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდებით ამ პრობლემას,“ - აცხადებს ბაიდენი.
გუშინვე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სანქციებზე უარის თქმის შემდეგ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებებს მოელის. პროექტის დასრულებას კომპანია Газпром და მისი დასავლელი პარტნიორები ჩქარობენ, რათა მილსადენის ბალტიის ზღვის ფსკერზე გატარებით, რუსული ბუნებრივი გაზი გერმანიასა და დანარჩენ ევროპაში მოხვდეს. Reuters-ის შეფასებით, „პროექტი, რომლის 95% დასრულებულია, უკრაინას გვერდს აუვლის და მას მომგებიან სატრანზიტო მოსაკრებელს დააკარგვინებს, მეორეს მხრივ კი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას შეარყევს.“
მოამზადა ლადო სულაბერიძემ