ევროკომისია 2030 წლისთვის ბრიუსელში მდებარე 50 საოფისე შენობიდან ნახევარს დახურავს. ამის შესახებ განცხადება ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰან ჰანმა გააკეთა. ამით ევროკომისია თავისი ოფისების გაერთიანებასა და პანდემიის შემდეგ სახლიდან მუშაობის დაწესებას შეეცდება.
„მომდევნო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის დედაქალაქში საოფისე შენობები 25-მდე შემცირდება. 2030 წლამდე გასატარებელი ეს გრძელვადიანი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ კომისია ბევრად ეკოლოგიური გავხადოთ შენობების გამონაბოლქვის შემცირებისა და ციფრული მუშაობის გაზრდის ხარჯზე. ამ მიზნით შევინარჩუნებთ სახლიდან მუშაობას და მას კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სტანდარტულ პრაქტიკად დავნერგავთ,“ - აცხადებს ევროკომისარი. მისი თქმით, ევროკომისია გრძელვადიან პერსპექტივაში საოფისე და საშინაო სამუშაოს შორის მეტნაკლებად სასარგებლო ბალანსს ეძებს.
„ეს ახალი ნორმაა. ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ და ჩვენი თანამშრომლების 90%-ზე მეტი კვირაში 2-3 დღის განმავლობაში დისტანციურ მუშაობას ემხრობა,“ - აცხადებს იოჰან ჰანი. ოფისების განახევრების მიუხედავად, ევროკომისიის საოფისე შენობების საერთო ფართობი მხოლოდ 25%-ით, 780 000 კვ.მ-დან 580 000 კვ.მ-მდე შემცირდება. ევროკომისია პოლიტიკურ დეპარტამენტებს ანუ გენერალური დირექტორების ოფისებს გააერთიანებს და მათ ერთ დიდ შენობაში მოათავსებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ