უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმა Airbnb-ს გენერალური დირექტორი ბრაიან ჩესკი ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მოგზაურობებზე მოთხოვნა იზრდება, მაგრამ არ მოელის, რომ საქმიანი მგზავრობები პანდემიამდელ დონეს როდესმე დაუბრუნდება.
„სულაც არ ვგულისხმობ იმას, რომ საქმიანი მგზავრობები მკვდარია, მაგრამ ვიცოდით, რომ ისინი ადრინდელ მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნდებოდნენ. მიზეზი ისაა, რომ თამასა საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ მოხვდე თვითმფრინავში და გამართო შეხვედრა. წელიწადზე მეტხანს შინ გამოკეტილი დასაქმებული ადამიანები მიხვდნენ, რომ სახლიდანაც შეიძლება იმის გაკეთება, რისთვისაც ადრე საქმიანი მგზავრობები სჭირდებოდათ. ადამიანები მოგზაურობის, ცხოვრებისა თუ მუშაობის პროცესში უფრო მოქნილები გახდნენ, როგორებიც ისინი 1 ან 2 წლის წინათ არ ყოფილან. დღეს ადამიანები პირად ცხოვრებას, მუშაობასა და მოგზაურობას უფრო მოქნილად უთავსებენ ერთმანეთს,“ - აცხადებს ბრაიან ჩესკი.
გენერალური დირექტორის მონაცემებით, კომპანია Airbnb-ს ტურისტული აქტივობა 2019 წლის დონეს უკვე დაუბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსსასაზღვრო მოგზაურობები ბოლომდე ჯერ არ არის გახსნილი. ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში კომპანიამ თავისი მომსახურების 100-ზე მეტი განახლება და ცვლილება წარმოადგინა. პლატფორმაზე წარმოდგენილია განახლებული საძიებო საშუალებები და ახალ განცხადებებთან მიერთების გამარტივებული პროცესი, რისი მიზანიც სტუმრებისთვის და გამქირავებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებაა.
ბრაიან ჩესკიმ მოგზაურობების ერთ ახალ თავისებურებასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მოგზაურობის დროს ადამიანები უფრო გრძელვადიან ჯავშნებს ირჩევენ. მაგალითად, მიმიდინარე წლის პირველ კვარტალში ჯავშნების 25%-ს 28-დღიანი ან მეტი ვადით დაჯავშნები შეადგენდა.
კომპანია Airbnb უძრავი ქონების მოძიება-დაჯავშნის მომსახურებას მსოფლიოს 220 ქვეყანაში ეწევა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ