საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული კენკრის მოსავლის აღება დაიწყო.
საუბარია ლურჯ მოცვზე, რომლის საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანია Blue Valley-ა.
კომპანიის პარტნიორის, ლევან ლებანიძის თქმით, მოცვის პირველი პარტია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. თუმცა, როგორც EastFruit-ი წერს, როდესაც კენკრის მასობრივი კრეფა დაიწყება, კომპანია ექსპორტის დაწყებას გეგმავს.
Blue Valley ამ სეზონზე დაახლოებით, 130 ტონა მოცვის აღებას აპირებს. საექსპორტო ქვეყნებს შორის კი, საქართველოსთვის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან: რუსეთის ფედერაცია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ევროკავშირი.
ევროკავშირთან თანამშრომლობის მიზნით, Blue Valley-მ საქართველოში პირველმა მოიპოვა GRASP-ის (GLOBALG.A.P.) სერთიფიკატი.
ცნობისთვის, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველომ მოცვის ექსპორტი თითქმის, 3-ჯერ (172-დან 663 ტონამდე) გაზარდა, რომლის 95% რუსეთის ფედერაციაში გავიდა.
EastFruit–ის პროგნოზის თანახმად, საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 2023 წლისთვის შესაძლოა, 5 ათას ტონას მიაღწიოს.