ევროკავშირის სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ შესაძლოა, კალიუმის ექსპორტს, ნავთობისა და ფინანსურ სექტორს შეეხოს. ამ სანქციებით ლუკაშენკოს ხელისუფლება მინსკის აეროპორტში სამხედრო ავიაციის გამოყენებით Ryanair-ის სამოქალაქო თვითმფრინავის იძულებით დაფრენის გამო დაისჯება, რისი მიზანიც ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრება იყო.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლისაბონში შეიკრიბნენ და განიხილეს სანქციების დაწესება იმ სექტორებზე, რომლებიც ბელარუსის ეკონომიკაში ცენტრალურ როლს ასრულებენ. მაგალითად, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ბელარუსული პოტაშის იმპორტზე სანქციის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. პოტაში დიდი რაოდენობის კალიუმის შემცველი თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო სასუქებში ფართოდ იყენებენ.
„ჩვენ ვიცით, რომ ბელარუსი დიდი რაოდენობით პოტაშს აწარმოებს და მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, ამიტომ ლუკაშენკოსთვის მეტად მტკივნეული იქნება, თუკი მოვახერხებთ და ამ სფეროში რამეს მოვიმოქმედებთ,“ - განაცხადა ჟან ასელბორნმა.
პოტაშის ექსპორტი ბელარუსისთვის უცხოური ვალუტის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. სახელწიფო კომპანია Беларуськалий მსოფლიოში მიწოდებული პოტაშის 20%-ს აწარმოებს. ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, ევროკავშირმა გასულ წელს ბელარუსიდან 1,2 მლრდ ევროს ღირებულების ქიმიკატების იმპორტი განახორციელა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირმა ბელარუსის ნავთობსექტორსაც უნდა დაარტყას, ხოლო გერმანიის საგარეო უწყების პირველი პირი ჰაიკო მაასი ბელარუსის ბანკებისთვის ევროკავშირის კრედიტების შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა.
გასულ წელს ევროკავშირმა ბელარუსიდან მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ნედლი ნავთობისა და სხვა საწვავ-საპოხი მასალების იმპორტი განახორციელა.
პროდუქციაზე სანქციების დაწესების გარდა, ევროკავშირს თითქმის შეთანხმებული და შედგენილი აქვს პერსონალური სანქციების ახალი სია. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ამასთან, როგორც ცნობილია, ევროპულმა საბჭომ ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავიას“ სატრანზიტო და პირდაპირი ავიარეისების გამოყენებისთვის თავისი საჰაერო სივრცე ანუ დასავლეთის მიმართულება ჩაუკეტა.
ბორელის თქმით, მართალია, სექტორალური და ეკონომიკური სანქციების დაწესებას დრო სჭირდება, მაგრამ ის აგვისტომდე მზად იქნება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ