„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2020 წელს, კვლევის ობიექტი 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან/და სახელფასო დანამატი გაიცა 44 საჯარო დაწესებულებაში, რომელმაც სულ 21,5 მილიონი ლარი შეადგინა.
„2020 წელს, კვლევის ობიექტი 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან/და სახელფასო დანამატი გაიცა 44 საჯარო დაწესებულებაში - სულ 21,5 მილიონი ლარი, საიდანაც ფულადი ჯილდოს (პრემია) ოდენობაა – 9,5 მილიონი ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის- 12 მილიონი ლარი.
2020 წელს სსიპ-ებში და სხვა დამოუკიდებელ უწყებებში გაცემული ფულადი ჯილდოების (პრემია) და სახელფასო დანამატის უდიდესი ნაწილი მოდის ისეთ უწყებებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მოქმედება.
2020 წელს, ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით გასცეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5,5 მილიონი ლარი) და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (3 მილიონი); ხოლო სახელფასო დანამატის სახით - საქართველოს პროკურატურამ (3,5 მილიონი ლარი) და სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა - (2,3 მილიონი ლარი).
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით მიიღო სულ 218,176 ლარი. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა 2020 წელს ჯამში 128 208 ლარი, ხოლო ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯამში 94 760 ლარი;
საქართველოს პროკურატურაში, თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის სახით გაიცა - 731 60 ლარი, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 228 440 ლარი.
2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თანამდებობის პირებზე ფულადი ჯილდო ან დანამატი აღარ გაუცია. მაშინ როდესაც, 2019 წლის ივლისის თვეში გენერალური აუდიტორის მოადგილეებზე ფულადი ჯილდოს სახით გაიცა თანამდებობრივი სარგოს ოთხმაგი ოდენობა, ხოლო დეკემბრის თვეში ხუთმაგი ოდენობა.
პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებების თანამშრომლებს, IDFI-ს შეფასებით, არ ეძლევათ მათ მიერ გაწეული ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებზე, 2020 წელს ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით გაცემულია მხოლოდ წლიური სარგოს 6%.
კვლევის ობიექტი 100 საჯარო დაწესებულებიდან, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ 77-მა უწყებამ უზრუნველყო“,-აღნიშნულია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კვლევაში.
ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების მიერ 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის დამალვა.
IDFI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს მის გავრცელებას ყველა საჯარო დაწესებულებაზე.
„პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ უწყებებს მიეცეთ სახელფასო ფონდის ზრდის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა ზეგანაკვეთური სამუშაოს ადეკვატურ ანაზღაურებას. საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ, გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებში არსებული სახელფასო პოლიტიკის ეფექტიანი მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციით საზოგადოების თანმიმდევრული ინფორმირება“,-აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.