შეერთებული შტატები აშშ-ბელარუსის საჰაერო მომსახურების შესახებ 2019 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას აჩერებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება ბელარუსის მიერ ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების იძულებით შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის საპასუხოდ მიიღეს, რასაც, შეერთებული შტატები „საერთაშორისო ნორმების შეურაცხყოფად აფასებს“.
ამასთან, აშშ-ის ხელისუფლება 3 ივნისიდან 9 ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია, ხოლო აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ამერიკულ გადამზიდავებს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისას უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ამასთან, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ ევროკავშირთან, ასევე სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინირებულად მუშაობს ლუკაშენკოს რეჟიმის მთავარი წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების სიაზე, რომლებსაც კავშირი აქვთ ადამიანის უფლებების დარღვევებთან, კორუფციასთან, 2020 წლის არჩევნების გაყალბებასთან და 23 მაისს მომხდარ მოვლენებთან.
„მოვუწოდებთ ლუკაშენკოს, 23 მაისის მოვლენებზე სანდო საერთაშორისო გამოძიების ჩატარება დაუშვას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს სრულყოფილი და ნამდვილი პოლიტიკური დიალოგი დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ლიდერებთან, რაც ქვეყანას ეუთოს ეგიდით და მონიტორინგის ქვეშ სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე მიიყვანს,“- აღნიშნულია განცხადებაში.