კორონაპანდემიურ 2020 წელს გადადებული რეისების გამო 11 ამერიკული ავიაკომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის დაბრუნებული თანხის ოდენობამ 12,84 მლრდ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინდუსტრიულ სავაჭრო ჯგუფ Airlines for America (A4A)-ის მიერ სენატორებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერია.
მაისის დასაწყისში სენატორები ედვარდ მარკი და რიჩარდ ბლუმენტალი ავიაგადმყვანებს მოუწოდებდნენ, გადაეხადათ ფულადი კომპენსაციები მგზავრებისთვის მიუხედავად იმისა, რეისი ავიაკომპანიამ გააუქმა თუ თავად მგზავრმა.
A4A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლას კალიომ აღიარა, რომ ბევრი ავიაკომპანია მომხმარებლებს თანხის ნაცვლად მომავალი ფრენების ვაუჩერს სთავაზობდა, მაგრამ ავიაკომპანიები ამას ბოროტი განზრახვით კი არა, პოტენციური გაკოტრების თავიდან აცილების მიზნით აკეთებდნენ.
„ფაქტებმა ნათლად აჩვენა, რომ პანდემიის დროს აშშ-ს ავიაკომპანიები მომხმარებლების წინაშე ვალდებულებას მტკიცედ ინარჩუნებდნენ და რეგულარულად უბრუნებდნენ მათ თანხას ფედერალური კანონებისა და დადგენილებების შესაბამისად,“ - წერს საპასუხო წერილში ნიკოლას კალიო.
მისი მონაცემებით, ფულადი კომპენსაციის ოდენობა ავიაკომპანების გასული წლის შემოსავლების 20 %-ს შეადგენდა და ეს ხარჯი იმ მილიარდობით დოლარის სამგზავრო კრედიტს დაემატა, რომელსაც დღეს ავიაკომპანიები უმოკლეს ვადაში რეისების აღსადგენად იყენებენ.
კალიოს წერილში წერია, რომ ამჟამად ავიაგადმყვანების მიერ ვაუჩერების გამოსყიდვა ყოველთვიურად გაყიდული ბილეთების 10-დან 15%-ს შეადგენს, რაც უახლოეს თვეებში კიდევ გაიზრდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ