საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად ორთოპედიული მატრასების მწარმოებელი კომპანია - შპს "როიალ ჯორჯია" მოინახულეს.
პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საწარმომ ოპერირება 2016 წელს დაიწყო.
კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, რომლის მეშვეობითაც საწარმოს თანამედროვე, მაღალ-ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა შეძლო, ხოლო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიას სიმბოლურ ფასად 5,363 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც აღნიშნული საწარმო ააშენა.
კომპანიის მიზანია სტაბილური განვითარება და მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება, სწორედ ამიტომ, საწარმოში ნებისმიერი ზომის, სიმაღლისა თუ სიმკვრივის მატრასები მზადდება.
,,როიალ ჯორჯია“ თვეში 5000-მდე მატრასს აწარმოებს. საწარმო პროდუქციის რეალიზებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს, კერძოდ, აშშ-ში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გერმანულ მხარესთან მიმდინარეობს.
2020 წელს, კომპანიამ კვლავ ისარგებლა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსებით, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესის გაფართოება და ახალი პროდუქციის, კერძოდ მატრასის დამოუკიდებელი ზამბარების წარმოება დაიწყო და იმპორტირებული პროდუქციის, ადგილობრივით ჩანაცვლება შეძლო.
მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, 2021 წელს, „როიალ ჯორჯია“-მ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მესამეჯერ ისარგებლა სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, დამატებითი დანადგარების შესყიდვა განახორციელა და წარმოება კიდევ უფრო გააფართოვა.
საწარმოში 50-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა პროფესიონალური გადამზადება ეტაპობრივად, ყოველი ახალი დანადგარის შეძენისას ხორციელდება. კვალიფიციური, გამოცდილი ტექნოლოგები უზრუნველყოფენ უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული მატრასების დამზადებას. ანტიალერგიული, ძვირადღირებული და მაღალი ხარისხის ნედლეული კი წარმოებულ პროდუქციას სასურველსა და ხელმისაწვდომს ხდის.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 3,715,000 ლარს შეადგენს.